თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც გარე აქტორები დარწმუნდებიან, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და არა წარმონაქმნი, რომელიც თავის თავს სახელმწიფოს ეძახის, მაშინ ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს და მათგან პატივისცემას

როდესაც გარე აქტორები დარწმუნდებიან, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და არა წარმონაქმნი, რომელიც თავის თავს სახელმწიფოს ეძახის, მაშინ ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს და მათგან პატივისცემას, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი თავად აქვეყნებს საქართველოს რეიტინგებს გამჭვირვალობასა და თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით, სადაც ქვეყანა მოწინავე პოზიციებზეა და მათ არ აქვთ მტკიცებულება, რომ ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის.

„პოლიტპატიმრების ყბადაღებული თემა რომ ავიღოთ, ასეთ მსჯელობას აზრი ექნებოდა როდის? როდესაც ჩვენ გვეყოლებოდა გასამართლებული პატიმრები, რომელზედაც სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი ექნებოდა, რომ მართლმსაჯულება სწორედ არ განხორციელდა საქართველოში, სამართლიანობა არ იყო დაცული და ეს იქნებოდა მასობრივი მოვლენა. ყველა საქმე, რაც პოლიტიკურად იყო გახმაურებული, ჩვენმა ოპონენტებმა სტრასბურგში წაიღეს, დამარცხდნენ და სტრასბურგმა აღნიშნა, რომ სწორი გადაწყვეტილებები იყო მიღებული. ახლა თვითონვე დაიწყეს რეიტინგების გამოქვეყნება და ჩვენი ქვეყნის გამჭვირვალობა და მისი თავისუფლების ხარისხი, ინდექსი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ყველა კანდიდატი ქვეყნისა და ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 10 ქვეყანასაც კი უსწრებს. ამ ფონზე რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე მელაპარაკებიან?! რა მტკიცებულება აქვთ, რომ დიქტატურისკენ მივდივართ და მართლმსაჯულება ვერ ხორციელდება საქართველოში?!“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით გარე აქტორების დამოკიდებულებას საქართველოსადმი მხოლოდ ხელისუფლების პრინციპულობა შეცვლის.

„ამ ყველაფერს შეცვლის მხოლოდ ჩვენი პრინციპულობა. როდესაც ჩვენ დაგვიწყებენ ლაპარაკს ფაქტებით, როდესაც მივაჩვევთ, რომ საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომელსაც არგუმენტების გარეშე შეიძლება ხელი აუქნიო და რაც გინდა ის გააკეთებინო. როდესაც ისინი ამაში საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და არა წარმონაქმნი, რომელიც თავის თავს სახელმწიფოს ეძახის, ეს არის მთავარი გარანტი, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს და პატივისცემასაც მათ შორის მათგან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები