თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, რადგან უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში, პატრონები ითხოვენ ქმედებას
ჩემთვის ნათელია – ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, რადგან უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მარტო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის 40 მილიონი – ეს, რაც გავიგეთ და რაც ფარულად, შავ ფულად იყო შემოტანილი საქართველოში, შეიძლება ორჯერ მეტიც იყოს. რა თქმა უნდა, პატრონები ითხოვენ ქმედებას, იმიტომ, რომ ამხელა თანხა ტყუილად წყალში ხომ არ არის გადაყრილი? მაგრამ ვარწმუნებ, რომ წყალშია გადაყრილი“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ორივე ფრთა – ისინი, ვინც მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში და ისინი, ვინც ამაზე უარს აცხადებენ, ერთი ცენტრიდან იმართებიან და დიდი ალბათობით, 4 ოქტომბრის ღამეს გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული სცენარის გამეორებას ერთად შეეცდებიან.
„ერთი ცენტრიდან იმართებიან და ბოლოს, შემაჯამებელი კვინტესენცია იქნება, რომ ერთიანი შტურმი განახორციელონ ხელისუფლებაზე. მაგრამ ეს იმდენად გაშიფრული სცენარია და ერთი და იგივე მდინარეში, ერთი და იგივე მეთოდოლოგიით იმდენჯერ სცადეს შესვლა, რომ კრახით დამთავრდება. იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამაც ბევრი ისწავლა უკვე და ეს ის მოსახლეობა აღარ არის, რომელიც შეიძლება პატარა პროპაგანდით რაღაც დიდ პროვოკაციაზე წამოაგო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.