თბილისში „ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი” მიმდინარეობს
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” “ქიმიური, ბიოლგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი” მიმდინარეობს. კონგრესი შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გახსნა. კონგრესს ესწრებიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქბრბ უსაფრთხოების საკითხებში ენდრიუ ვებერი, ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ახმედ უზუმჩუ და კონგრესის აღმასრულებელი დირექტორი სტეფ სტინსტრა. კონგრესი საქართველოში პირველად იმართება და მას შს სამინისტრო მასპინძლობს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ენდრიუ ვებერის განცხადებით, საქართველო მრავალი წლის განმავლობაში არის რეგიონის ლიდერი და, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კონგრესი საქართველოში ტარდება.
“პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. საქართველოს, ამერიკას, ამერიკელ და ქართველ ხალხს ურყევი კავშირი აკავშირებთ. ამ კვირას ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის წარმატებას, რომელიც არის რეგიონული ცენტრი, რეგიონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა დაავადების, პრევენციისა და დადგენის საქმეში. საქართველო ნამდვილად არის ბუნებრივი ადგილი ასეთი კონგრესის ჩასატარებლად. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში არის ლიდერი რეგიონში, იქნება ეს მასობრივი განადგურების იარაღის აღკვეთის, თუ ქიმიური საფრთხეების შემცირების სფეროში.
საქართველოს შესაძლებობებს ვაძლიერებთ, რომ საქართველომ უკეთ შეძლოს ბირთვული კონტრაბადის აღკვეთა, ასევე უკეთესად გაუწიოს მონიტორინგი ინფექციურ დაავადებებს და შეამცირის ბიოლოგიური საფრთხეები. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში”, – განაცხადა ენდრიუ ვებერმა.
კონგრესი ეხება ქბრბ ნივთიერების გაუვრცელებლობას, ქბრბ ინციდენტების შედეგების მართვას, ქბრბ უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს. ის წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეცნიერებსა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მათ ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისა და ქბრბ პოლიტიკის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.
როგორც შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა. “ქბრბ რისკების და საფრთხეების შემცირება მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. გამონაკლისი არც საქართველოა. აღნიშნულ სფეროში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით, მთავრობამ გადადგა ერთიანი ნაბიჯები. 2014 წლის 14 თებერვალს დამტკიცდა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია და აღნიშნულ სფეროში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან, ასევე ეროკავშირთან და გაეროსთან”, – განაცხადა ჭიკაიძემ.
კონგრესს ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელები, ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქბრბ სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან. კონგრესზე ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერა, განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოჩენის, ეპიდომიოლოგიური ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მომავალი მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ.
შეთანხმებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოში ამერიკის ელჩი მოაწერენ. კონგრესის საპატიო დირექტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.