პატრიცია კაასი: მე დავბრუნდები
გაზაფხულის ბოლო საღამო – პატრიცია კაასთან ფილარმონიის დიდ დარბაზში
„გამაღჯობა“ – გაჯერებული ფრანგული აქცენტით მიესალმა პატრიცია კაასი ფილარმონიაში შეკრებილ საზოგადოებას. გაზაფხულის ბოლო საღამოს, ფრანგმა ვარსკვლავმა ქართველები ორი საათის განმავლობაში პარიზის ქუჩებში „ამოგზაურა“.
ვიწყებთ კონცერტს – „პარიზის ქუჩებში“, – წარმოთქვა ფრანგულად და დარბაზში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ამ სიჩუმეში ედიტ პიაფის ცნობილი ჰიტები მოგზაურობდნენ. პიაფის მელოდიებს კაასი საკუთარი ინტერპრეტაციით და განუმეორებელი ხმის ტემბრით გადმოსცემდა. თითოეული სიმღერის ისტორია ფრანგმა მომღერალმა, საოცარი არტისტიზმით და შოუს ელემენტებით შეასრულა.
„დღევანდელი საღამო ედიტ პიაფის ხსოვნას ეძღვნება. მინდა ჩემი სიმღერით გადმოგცეთ ის სითბო, სიხარული და ტკივილი, რაც ედიტ პიაფის ცხოვრებას ასახავს. საქართველოში პირველად ვარ. ჩემი სიმღერებით მინდა წარვსდგე თქვენს წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. თუმცა, როგორც კი ჩამოვედი, არაჩვეულებრივი დახვერდა მომიწყვეს, რისთვისაც მადლობელი ვარ“, – აღნიშნა პატრიცია კაასმა.
სანახაობას ქართული ბომონდი და „სვეცკები“ – პარტერიდან უცქერდნენ, ხოლო ნაკლებად „სვეცკები“ ზემო იარუსზე ესწრებოდნენ.
პარტერში დეპუტატი თინა ხიდაშელიც იმყოფებოდა.
„მოვედი, რომ ვისიამოვნო. პატრიცია კაასისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ჩემს ტელეფონში სპეციალური ალბომი მაქვს, სადაც მხოლოდ მისი სიმღერები მაქვს ჩატვირთული. ამ საღამოს დიდი სიამოვნება მელის“, – აღნიშნა პარლამეტის წევრმა კონცერტის დაწყებამდე და თან კატეგოურიულად მოითხოვა, რომ ჟურნალისტებს სხვა თემებზე შეკითხვები არ დაესვათ…
მომღერალი მსმენელს თითოეული სიმღერის ისტორიას ჯერ სიტყვებით გადმოსცემდა, ამის შემდეგ კი საოცარი პლასტიკითა და ემოციით ასრულებდა.
„ეს არის ისტორია, როდესაც ქალსა და მამაკაცს ერთმანეთთან ურთიერთობის დაწყება სურთ. მოქმედება ბარში ხდება. მაგრამ არის პრობლემა, ქალს შეყვარებული ჰყავს და მას მიატოვებს. მიტოვებული კაცი არ ნებდება და ძალიან დაიტანჯება“, – წარმოთქვა პატრიციამ და დარბაზში მუსიკის ჰანგები გაისმა.
კაასმა თბილისელ მსმენელს პერფომანსი შესთავაზა. იყო მხიარული მონოლოგებიც.
„ეს ის მომენტია, როცა ვერ ვიტან მაღალქუსლიანს“, – იუმორით აღნიშნა მან და ფეხზე დაბალყელიანი ჩექმები „მოირგო“. დარბაზში საპასუხო „ზრდილობიანი“ სიცილი გაისმა.
დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ვარსკვლავმა მსმენელს, სცენიდან სიმღერა შესთავაზა. თუმცა, ქართული “კომლექსებიდან“ გამომდინარე, პატრიცია კაასმა ქართველებს სიმღერა „დაუწუნა“.
„ თქვენ არც თუ კარგად მღერით“, – წარმოთქვა მან.
მოგვიანებით, ვარსკვლავსა და მსმენელს შორის კონტაქტი შედგა. მაყურებელი ბოლომდე გაიხსნა. იყო უამრავი – „ბრავო“ და „მეღსი“. სიამოვნებისგან აღფრთოვანებული მსმენელი, გაბრწყინებული სახით, დიდხანს იდგა ფეხზე და მქუხარე ტაშს უკრავდა. ამ კონცერტით, ფრანგმა ვარსკლავმა, წელიწადნახევრიანი მსოფლიო ტურნე თბილისში დაასრულა.
ორსაათიანი შოუს ელემენტებით გაჯერებული კონცერტის შემდეგ, კაასმა ქართველი მსმენელის მიმართ სიმპატიები გამოხატა და პუბლიკას ჰაეროვანი კოცნაც გამოუგზავნა.
„მინდა ყველას ჩაგეხუტოთ, ძალიან კარგები ხართ, მე დავბრუნდები,“ – წარმოთქვა მომღერალმა.
კონცერტის ბოლო აკორდი კი – ედიტ პიაფის ხსოვნისადმი პატივისცემა პატრიცია კაასმა, შემოქმედებითმა ჯგუფმა და მსმენელმა ერთად გამოხატეს. წუთიერმა დუმილმა კვლავ დაისადგურა.
მაყურებელს მომღერალთან განშორება არ სურდა. კაასი სცენაზე კიდევ ერთხელ “ბისზე“ გამოვიდა და შემოქმედებით ჯგუფს წელიწადნახევრიან ტურნეში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს შემოქმედებით ჯგუფს. მართალია იყო მძიმე მომენტებიც. თქვენ ჩემთან ერთად ტიროდით, როდესაც მე ხმაზე პრობლემა მქონდა. თქვენ ტაშს მიკრავდით. ეს არ არის შემოქმედებითი ჯგუფი. ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით, “ – აღნიშნა პატრიცია კაასმა და დარბაზში დამსწრე საზოგადოებას შემოქმედებითი ჯგუფი გააცნო.
კონცერტის დასასრულს, მაყურებელმა პატივისცემა ფრანგი ვარკვლავისადმი ვარდების თაიგულით გამოხატა. სცენას ვარდის ფურცლები მოეფინა, რასაც ვარსკლვავის მადლიერება მოჰყვა.
„კვირამ“ ფილარმონიის დარბაზში ფრანგი ვარსკვლავის „ფან კლუბის“ წევრები აღმოაჩინა.
ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში სპეციალურად, პატრიცია კაასის კონცერტზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
მარია – ისრაელიდან, ეკატერინა – მოსკოვიდან და კიდევ, ერთი… თუმცა, ის სიტყვაძუნწი აღმოჩნდა.
„პატრიცია კაასის „ფან კლუბი“ უკვე 15 წელია არსებობს. სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩამოვდივართ, რომ კონცერტს დავესწროთ და სიამოვნება მივიღოთ. ტურნეს ფარგლებში პარიზში ვიყავით, გერმანიაშიც და საქართველოშიც ჩამოვედით. ყველაზე დიდი დღესასწაული პარიზში იყო. იქ განუმეორებელი პუბლიკა იყო. საქართველოში პირველად ვართ. ქართველები თბილი ხალხი ხართ. მართალია კონცერტისთვის ჩამოვედით, მაგრამ საქართველოსაც ვათვალიერებთ. კახეთის ნახვა უკვე მოვასწარით. სიღნაღში ვიყავით და კიდევ რამდენიმე ადგილას“, – გვითხრა მარიამ.
შეაგახსენებთ, რომ პატრიცია კაასი თბილისს პროექტის – „კაასი ასრულებს პიაფს“ ფარგლებში ეწვია. ის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ბაქოდან ჩამოვიდა. პროგრამაში ედიტ პიაფის 21 სიმღერა, 6 კი, თავად კაასის შედიოდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის წამომდგენი „კასტელ ჯორჯია“, გენერალური სპონსორი „შვეფსი“ და ორგანიზატორი „თბილისის საკონცერტო დარბაზი“ იყო.
თბილისში, ფრანგი ვარსკვლავის კონცერტს ორგანიზება “ისტერ პრომოუშენმა ” გაუწია.
პატრიცია კაასმა და შემოქმედებითმა ჯგუფის წევრებმა საქართველო დღეს, 1 ივნისს ნაშუადღევს დატოვეს.