26 მაისს, ზუგდიდში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას გადაავლონ თვალი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს. ზუგდიდში, ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე, 11 საათიდან იწყება.
როგორც “”კვირას” უწყებიდან აცნობეს, ზუგდიდში მასშტაბურ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი საქართველოს კონცეფციით გამართავს. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, დამოუკიდებლობის დღეს, თვალი გადაავლოს ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას და ღონისძიების მთავარი საკომუნიკაციო ფრაზით: #გააზიარეცოდნა ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაეცნოს იმ გმირებს, რომლებმაც ერთიანი საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო პავილიონი – ერთიანი საქართველოს დერეფანი, სადაც წარმოდგენილი იქნება მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმის და ემიგრანტების შესახებ.
ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსდება სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიების შესახებ. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აქტის კედელი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ სიმბოლურად ხელი მოაწერონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დოკუმენტს.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მთავარ მოედანზე ერთიანი საქართველოს თემაზე კიდევ ერთი პავილიონი განთავსდება- აუდიოსტენდი, სადაც სტუმრები ქართველ პოეტებს, კინომუსიკას, დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს, ხალხურ მუსიკას და 1918 წლის 26 მაისის შესახებ დოკუმენტურ მასალებს ყურსასმენების საშუალებით გაეცნობიან.
,,გააერთიანე საქართველო“- ამ სახელწოდებით, მოედანზე სტრატეგიული თამაში ჩატარდება, რომლებშიც წინასწარ დარეგისტრირებული სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები კი მაყურებელს ერთიანი საქართველოს პერფორმანსს წარუდგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში აწყობს კიდევ ერთ საგამოფენო პავილიონს, სახელწოდებით ,,ქვეყნის უსაფრთხოება“, სადაც სტუმრები სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ წარმოდგენილ პრეზენტაციებს ნახავენ.
ღონისძიებებია დაგეგმილი ბავშვებისთვისაც. სპეციალური სივრცე დაეთმობა კამპანია ,,მეტი სიცოხლისთვის“ ფარგლებში საბავშვო ზონას, სადაც მათ საგზაო მოძრაობის წესების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება რბოლაც. ტერიტორიაზე განთავსდება საცოცი კედელი, სადაც მეხანძრე -მაშველები ბავშვებს საჭირო რჩევებს მისცემენ.