„დასვენების დროს სიჩუმის მუსიკას ვუსმენ“
„საქართველოში კვლავ დავბრუნდები, თუმცა არ ვიცი, როდის”
“კაასი მღერის პიაფს”- ამ სახელწოდების პროექტით ფრანგი მომღერალი პატრიცია კაასი ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება. როგორც მომღერალმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ პროექტისთვის მან ედიტ პიაფის საუკეთესო ჰიტები შეარჩია. ალბომში 21 კომპოზიციაა და პატრიცია კაასი ქართველ მაყურებელს რეპერტუარს თავისი ინტერპრეტაციით შესთავაზებს.
“ცოტა არ იყოს, ვღელავ კონცერტის წინ, ორი წელია ტურნეს ვატარებ. ამ პროექტს თავდაპირველად რისკის სახით ვუყურებდი, თუმცა გაამართლა. პროექტის იდეა “კაასი მღერის პიაფს” 2013 წელს გაჩნდა, როდესაც ედიტ პიაფს გარდაცვალებიდან 50 წელი შეუსრულდა. პროექტის განხორციელება ჩემი მეგობრებისა და გარემოცვის დამსახურებაა. რომ არა ისინი, მე ვერ გავბედავდი ედიტ პიაფის რეპერტუარის შესრულებას. ეს იყო რისკი, თუმცა ამ რეპერტუარის ჩემებური ვერსია იყო ის დამოკიდებულება და პატივისცემა ედიტ პიაფის მიმართ, რომ გადმომეცა ყველა ემოცია, რასაც მის მიმართ ვგრძნობ. მინდოდა ისეთი შოუ დამედგა, როგორიც იყო მის ცხოვრებაში სიყვარული, მისი ემოციები. აგრეთვე, მაყურებელი იხილავს თეატრალური შოუს ელემენტებს. ამავე შოუში იხილავთ ჩემს ექვს სიმღერას, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულია“, – განაცხადა პატრიცია კაასმა.
პრესკონფერენციის დასასრულს ფრანგმა მომღერალმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში მომავალში კვლავ დაბრუნდება, თუმცა არ იცის, როდის.
„დავბრუნდები, თუმცა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. პროექტის დასრულების შემდეგ ორი – სამი თვე უნდა დავისვენო. ერთადერთი, რასაც ამ დასვენების პერიოდში მოვისმენ, ეს არის სიჩუმის მუსიკა – ქარი, ზღვის ტალღები და კიდევ სხვა ბუნებრივი ხმები, ამ პერიოდში მე ჩემს მომავალ რეპერტუარზეც უნდა ვიფიქრო”,- აღნიშნა პატრიცია კაასმა.
შეგახსენებთ: პატრიცია კაასი საქართველოში გუშინ აზერბაიჯანის დედაქალაქიდან ჩამოფრინდა, სადაც ანალოგიური პროექტით წარდგა მაყურებლის წინაშე. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, პატრიცია კაასმა გუშინდელი საღამო ლისის ტბაზე გაატარა. ფრანგი მომღერალი საქართველოს ხვალ დატოვებს.