გიორგი მანველიძე: ოპოზიციის ლიდერებმა ხულოელებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რითაც საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს
შუალედურ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, “ქართული ოცნების” რეგიონული კოორდინატორი, გიორგი მანველიძე ხულოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს აფასებს და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ამასთან, მანველიძემ ხულოს მოსახლეობას 19 მაისს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
“ხულომ ერთ-ერთი კარგი აქტივობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა აჩვენა. საარჩევნო კამპანია მშვიდ და კარგ გარემოში მიმდინარეობს. შტაბი მუშაობს სრული დატვირთვით და შეხვედრები გრძელდება მოსახლეობასთან. კანონის ფარგლებში ვხვდებით მოსახლეობას, ვიღებთ მათგან რეკომენდაციებს, არჩევნების შემდეგ კი მათ მიერ დასახელებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით, ჩვენი კანდიდატის ორგანიზებით. რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული ადამიანი, შრომისმოყვარე, მთელი თავის ცხოვრება ხულოსა და ხულოელებს მიუძღვნა. არ არსებობს ოჯახი, სადაც მის მიმართ მადლიერება არ გამოიხატებოდეს, ამიტომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ოპონენტების მხრიდან ბოლოს გაკეთებული განცხადებებით, რომელიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს, მათ ხულოელები შეურაცხყვეს, რითაც საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს”, – განაცხადა გიორგი მანველიძემ.