გია მხეიძე: კატეგორიულად უარვყოფ “ნაცმოძრაობის” ბრალდებებს, ეს მათი მორიგი პროვოკაციაა
გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს, რომ, თითქოს, ხელისუფლებამ პროვოკაციის მოსაწყობად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში მონაწილე – გია მხეიძე ჩამოიყვანა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოადგილე და თანამებრძოლი ეხმაურება. გია მხეიძის თქმით, ის კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ბრალდებებს და მათ “ნაცმოძრაობის” მორიგ პროვოკაციად აფასებს.
ამასთან, მხეიძე აღნიშნავს, რომ ის ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა, რადგან, მისი თქმით, ის სწორედ ზუგდიდშია ჩაწერილი.
“კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. მეტიც, მისი უახლოესი თანამებრძოლები ამას დაადასტურებენ. ეს იყო დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვეულ რეჟიმში ავრცელებს “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სიცრუის მანქანა – “რუსთავი2”. აქედან გამომდინარე, არა მარტო მე, არამედ ჩემი თანამებრძოლების სახელით, კონკრეტულად ნუგზარ წიკლაურისა და “რუსთავი 2-ის” კორესპონდენტ ეკა გაგუას მიმართ ამ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ მკაცრ, სამართლიან რეაგირებას.
ასევე, ისინი აცხადებენ, რომ მე ვიღაცამ ჩამომიყვანა აქ. მე აქ დავიბადე და ჩემს ზუგდიდში, ჩემს თანაქალაქელებთან ვინმეს ჩამოსაყვანი არ ვარ. ამ ადამიანებმა ან ბოდიში მოიხადონ ან მე მზად ვარ, რომ სასამართლოში ამ ფაქტთან დაკავშირებით სარჩელი შევიტანო და ჩემი თანამოაზრეები დავარწმუნო ჩემს სიმართლეში”, – განაცხადა გია მხეიძემ.
ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პროვოკაციის მოსაწყობად 2016 წლის პარლამენტის არჩვენებში ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში მონაწილე გია მხეიძე ჩამოიყვანა.
“გია მხეიძის ჩამოყვანა დღეს ზუგდიდში, განსაკუთრებით, იმ დაძაბულ ვითარების ფონზე, რომელიც არის შექმნილი წინასაარჩევნოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა საარჩევნო უბნებზე, ძალადობა ადამიანების ნებაზე და, ასევე, გია მხეიძის აქ ყოფნა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის აქ ყოფნა, მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ განცხადებები ზვიად გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემაზე, მისი მუზეუმების აგებასა და სხვა ღონისძიებებზე, არის სიყალბე და ფარისევლობა. გია მხეიძე მოხსენიებულია არაერთგზის იმ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში, რომელსაც უძღვებოდა მოკლული პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.