დილიკაურში “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” პროექტის ფარგლებში, დილიკაურის რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მათ მშობლებს ახალი სკოლის გახსნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ – ირინა აბულაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ – მარიამ ჯაშმა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” წარმომადგენლებმა მიულოცეს.
სკოლის რეაბილიტაციის შედეგად, 250-მდე მოსწავლე ახალ თანამედროვე გარემოში შეძლებს განათლების მიღებას.
მარიამ ჯაშმა გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად უნდა გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი.
“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” ფარგლებში, მე-80 სკოლა დასრულდა. დღეს პირველად გაიხსნა კარი დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. აღფრთოვანება სახეზეა. განათლების რეფორმა არის ის პრიორიტეტი, რომელიც მიენიჭა მთავრობის მხრიდან ამ სისტემას. ბუნებრივია, მხოლოდ სკოლა და ინფრასტრუქტურა არ არის გადამწყვეტი, ჩვენ, პარალელურად, ხარისხის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ სახელოვნებო განათლების მიმართულებითაც. ასევე დაანონსდა პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საინტერესო სქემის განვითარება. სწორედ კომპლექსური რეფორმები მიგვიყვანს იმ სისტემამდე, რომელიც არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომლებსაც განათლების რეფორმა ითვალისწინებს.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განათლების რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლების ინფრასტრუქტურის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
“ჩამოვედით განათლების რეფორმის სიახლეების გასაცნობად ვეწვევით, ასევე, ზედა საქარას, სადაც უკვე დაიწყო სკოლის მშენებლობა; ასევე, მოვინახულებთ არგვეთაში იმ ადგილს, სადაც ახალი სკოლა უნდა აშენდეს. სკოლების ინფრასტრუქტურის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დაანონსებულია სახელფასო ზრდა, 2020 წლისთვის ის ბიუჯეტის მეოთხედი იქნება და მთლიანად ადამიანური კაპიტალისა და განათლების სექტორის განვითარებაზე იქნება მიმართული. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ყველა ბავშვსა და მასწავლებელს ანალოგიური სასწავლო და სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეს. სტატუსის დანამატი იზრდება 150 ლარით სექტემბრიდან, სახელფასო ზრდა შეეხება დირექტორებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რესურსცენტრებს, საპენსიო ასაკის მასწავლებლები სკოლიდან წასვლის შერმთხვევაში მიიღებენ სახელმწიფო ჯილდოს”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
დილიკაურელებს სკოლის გახსნა დეპუტატებმა შალვა კიკნაველიძემ და გენადი მარგველაშვილმაც მიულოცეს.