“სოკარმა” მარნეულში მათ საკუთრებაში უნებართვოდ განთავსებული “ნაციონალური მოძრაობის” ბანერები ჩამოხსნა (ვიდეო)

კომპანია “სოკარმა” მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბუნებრივი აირის მილებზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატების უნებართვოდ განთავსებული ბანერები ჩამოხსნა.
“სოკარს” ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა “კვირასთან” საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების სააგიტაციო მასალა მათ კერძო საკუთრებაზე უნებართვოდ იყო განთავსებული და ბანერები ყველა სოფელში ჩამოხსნეს.
ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი “კვირასთან” ამბობს, რომ ბანერების ჩამოკიდების ნებართვა არ ჰქონიათ.

“ბანერების დაკიდებაზე ნებართვა არ გვქონდა. გაზის მილი გადის და, ალბათ, მაგიტომ ჩამოხსნეს. კომპანია “სოკართან” პრეტენზია არ გვაქვს”, – აცხადებს სარვარ ალიევი.

მარნეულის მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის საარჩევნო შტაბში კი აცხადებენ, რომ სააგიტაციო მასალას კვლავ განათავსებენ.

“არაუშავს, გვერდით გადავიტანთ. მადლობა მთავრობას. კიდევ დავკიდებთ”, – განაცხადა შტაბის ხელმძღვანელმა, ზურა მელიქიშვილმა. გარდა “სოკარის” კუთვნილი მილებისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სააგიტაციო მასალა ხეებსა და გარე განათების ბოძებზეცაა განთავსებული. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტები მათთვის ცნობილია და საქმის შესწავლა ზედამხედველობის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები