გივი მოდებაძე: ჩვენ ერთად ავაშენებთ ჭიათურას
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა იაშვილის, ნიკოპოლისა და თხელიძის ქუჩის მაცხოვრებლებთან საარჩევნო შეხვედრა გამართა. გივი მოდებაძემ აქცენტი ჭიათურის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა და განაცხადა, რომ ქალაქის განვითარება უპირველესი ამოცანა იქნება.
,,უპირველეს ყოვლისა, ვაპირებ ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას. დაგეგმილი მაქვს ახალი საბავშვო ბაღების, გზების, სკვერების, ბავშვთა გასართობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ყველა პროექტი, რომლის განხორციელებასაც დავაპირებთ, განხილულ იქნება თქვენთან, თითოეულ ჭიათურელთან. დარწმუნებული ვარ, თქვენს მხარდაჭერას მივიღებ და ჩვენ ერთად ავაშენებთ ჭიათურას!”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
იაშვილისა და თხელიძის ქუჩებზე გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და გივი მოდებაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ჭიათურის მაჟორიტარმა – სულხან მახათაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილმა. დღესვე გივი მოდებაძე ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა.