“დარღვევა არ ფიქსირდება” – რეგისტრატორის საოლქო კომისიაში დაბრუნებული ბეჭდები გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეამოწმა
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრები რეგისტრატორის საოლქო კომისიაში დაბრუნებული ბეჭდების ნუმერაციის სიზუსტეს ამოწმებენ. როგორც “კვირას” ოპოზიციონერმა კომისიის წევრმა, მაია გაწერელიამ განუცხადა, ბეჭდები ნუმერაციის სრული სიზუსტით, დაზიანების გარეშე არის დაბრუნებული და დარღვევა არ ფიქსირდება.
“ამ ეტაპზე დარღვევა არ ფიქსირდება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ გამოვლინდება დარღვევები დღის ბოლოს “,- განაცხადა მაია გაწერელიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში გუშინ ვითარების დაძაბვა სწორედ ბეჭდების საკითხმა გამოიწვია. დღის განმავლობაში ზუგდიდის საკრებულოში ხმაურისა და ვითარების დაძაბვის შემდეგ, ენმ-ის წევრები პრეტენზიებით, ამჯერად, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისიის შენობაში მივიდნენ და გვიან ღამემდე პიკეტირებული ჰქონდათ. მათი განცხადებით, სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდები უბნებზე ვადაზე ადრე გადაანაწილეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაიტანეს, რაც, მათი თქმით, კანონდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს.