ირაკლი ჩიქოვანი: “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციას ცდილობს
ზუგდიდის “ქართული ოცნების” შტაბში გუშინ, საოლქო კომისიის შენობაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ. მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანლის – ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საოლქო კომისიას არ დაურღვევია რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები და “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას გადადგომის შესაბენ საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციის მცდელობაა.
“გეგა შენგელიას შტაბს გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ მოვლენებს, რაც მიმდინარეობდა #67 ოლქში. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს არის “ნაცმოძრაობის” მცდელობა, მოახდინოს საარჩევნო პროცესების დისკრედიტაცია. ძალიან კონკრეტული განცხადება გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ არცერთი ნორმატიული აქტი დარღვეულა და საოლქო კომისია მუშაობდა რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით, თუმცა იმისთვის, რომ არ იყოს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კითხვები, ხელახლა დაამზადებინებენ ყველა ბეჭედს, შესაბამისად, ხელახლა გადასცემენ უბნებს; ამიტომ, ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა. ნათელია, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებს იგებს და “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირად ცდილობს ამ პროცესების დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ ყველას: ხელს ნუ შეუშლით არჩევნებს, ის აჟიოტაჟი, რომელსაც “ნაცები” ტეხენ, ისევ და ისევ განპირობებულია იმით, რომ გვაქვს შვიდი საარჩევნო კამპანია, ჩვენ გვყავს მხარდამჭერები, დამაჯერებლად ვიგებთ და 19 მაისს ვიზეიმებთ გეგა შენგელიას გამარჯვებას”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, ვითარება ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში გუშინ დაიძაბა. დღის განმავლობაში ზუგდიდის საკრებულოში ხმაურისა და ვითარების დაძაბვის შემდეგ, ენმ-ის წევრები პრეტენზიებით, ამჯერად, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისიის შენობაში მივიდნენ და გვიან ღამემდე პიკეტირებული ჰქონდათ. მათი განცხადებით, სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდები უბნებზე ვადაზე ადრე გადაანაწილეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაიტანეს, რაც, მათი თქმით, კანონდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს.