დუშეთში სტიქიის პრევენციის ღონისძიებები მიმდინარეობს
დუშეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული გზებისა და ჩახერგილი ხევების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, უკანა ფშავსა და ბარისახოში მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.
„უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თხილიანაში, ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზა და სოფელში არსებული ხევები სრულად გაიწმინდა. უახლოეს პერიოდში, მდინარე არაგვში წყლის დონის შემცირებისთანავე, კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება სოფლებში – შუაფხო და უკანა ფშავი. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლიქოკის ჭალაში.
რამდენიმედღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფელში მისასვლელი გზა უკვე გახსნილია. გაიწმინდა და გაღრმავდა მდინარე არაგვის კალაპოტი ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო მლეთაში, ეკომიგრანტებით დასახლებულ ზონაში“, – აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.