მირანდა მესხი: მორიგი შოუსთვის სხდომას ვერ გავმართავ
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა კომისიის წევრების – “ნაციონალური მოძრაობიდან” მაია გაწერელიას და “ევროპული საქართველოდან” ბაგრატ ქირიას განცხადება, სხდომის ჩანიშვნის შესახებ, არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ეს საკითხი სხდომაზე განხილვას არ ექვემდებარება.
ოლქის თავმჯდომარის მტკიცებით, მას სამაგიდო სიების უბნებზე გაცემით კანონი არ დაურღვევია. ამბობს, რომ არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი დღისა ეს სიები უბნებზე ნაწილდება. თუმცა, რადგან ამ შემთხვევაში გაჩნდა კითხვები გამჭვირვალობასთან, უსაფრთხოებასა და სანდოობასთან დაკავშირებით, სიები უკან დააბრუნეს და დაითვალეს. მირანდა მესხის თქმით, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სიები ზოგადად არ ილუქება. დღეს რამდენიმე უბანს კი იმიტომ გადასცეს, რომ დიდი ოლქია და ყველგან მათი მიტანა ერთ დღეში პრაქტიკულად შეუძლებელია.
რაც შეეხება ბეჭდებს, ოლქის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ბეჭდები არ მობრუნდება, რადგან ისინი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გასცეს.
“ბეჭდის მთლიანობა როცა დაირღვევა, ამას უბანზე ვნახავთ. ორი დღით ადრე რომ გავცე სიები, არც იმ დროს იმყოფება დაცვის პოლიცია უბანზე. 12 საათით ადრე შედის უბანზე. სიები ადგილზეა. გაცემულ ინვენტარზე პასუხს აგებს საუბნო საარჩევნო კომისია. გაცემული არ არის ბიულეტენების ბლოკნოტები. რა უნდა გაყალბდეს ხალხო, ორ დღეში არის არჩევნები, კარს მომდგარი და მორიგი შოუსთვის სხდომას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავმართავ”, – აღნიშნა მირანდა მესხმა, რომელსაც დღეს რამდენჯერმე მოუწია სიებთან და ბეჭდებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა უკვე დატოვეს.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომის და რეგისტრაციის ახალი ბეჭდების თბილისიდან ჩამოტანის შესახებ უცვლელია. ოპოზიცია საოლქო კომისიასთან ხვალ დილიდან ისევ შეიკრიბება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკომ განცხადება გაავრცელა, სადაც ის დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და ხელი არ შეუშალონ საარჩევნო კომისიას კანონონმდებლობის მიხედვით საქმიანობაში.
,,ცესკო ყურადღებით აკვირდება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს; მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანიბას კანონმდებლობის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები 67-ე საარჩევნო კომისიის შენობაში პრეტენზიებით მივიდნენ და თავმჯდომარე, მარინა მესხია უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების ვადაზე ადრე გადანაწილებაში დაადანაშაულეს.
თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხია ამბობს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და ყველა პროცედურა კანონის დაცვით მიმდინარეობს.