“ვიღაცა სანდრამ რაც დაწერა, ეს არ ეკუთვნის პირველ პრეზიდენტს” – რას ყვებიან დადიანების სასახლის ინციდენტში მონაწილე პირები (ვიდეო)

დადიანების სასახლეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები ჟურნალისტებთან საუბარში დეტალურად იხსენებენ დღეს დილით განვითარებულ მოვლენებს. მათი თქმით, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ მყოფმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ხალხმრავლობა დავინახე და მივედი. ჩემი ახლობელი იყო ერთი იქ და რომ მივედი შემაგინეს, რატომ მოხვედი, შენი დედაო… და მოხდა დაპირისპირება… ზვიად გამსახურდიას ვიღაც სანდრა რომ ლანძღვა-გინებით მოიხსენიებს, არ ეკუთვნის ეს ჩვენს პირველ პრეზიდენტს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არავის არ ეპატიება. მხედრიონი და მოღალატეები თავისკენ მოიკითხონ. მე არცერთი პარტიის წევრი არ ვარ”, – განაცხადა გახა კვარაცხელიამ.

ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილის, მამუკა ცირნავას მტკიცებით, მათი მხრიდან არანაირ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, აღნიშნული მათმა მოწინააღმდეგე მხარემ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დადიანების სასახლეში ბოტანიკურ ბაღში, სადაც გადაცემა “ლუსტრაციას” ჩაწერა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ტელეკომპანია “ოდიშის” ცნობით, პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მათ ფიზიკურადაც შეეხნენ.

რამდენიმე საათის წინ შსს-მ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე გელა კვარაცხელია დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები