მაია ცქიტიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროცესს გაეცნენ, რომლის განხორციელებაც, დაახლოებით, ერთი თვეა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 55 მილიონი დოლარია და მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს.

“ძალიან ბევრი სხვა პროექტია, რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად მოვინახულებთ. პროექტები აქტიურად მიმდინარეობს”, – აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მარნეულში მიმდინარე პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“დღეს მოგვეცა საშუალება მარნეულში და რეგიონში მიმდინარე პროექტები დაგვეთვალიერებინა.როგორც ვნახეთ, სამუშაოები ინტესნიურ რეჟიმში მიდმინარეობს. რეგიონული ფონდის მიმართულებით დაფინანსებულ პროექტებზეც ძალიან აქტიური დინამიკაა”,- განაცხადა ჟურნალისტებთან ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ, სადაც უახლოეს პერიოდში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამასთან, მათ პირადად მოინახულეს აღმამედლო-კასუმლო-ულაშლოს გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში 1 397 693 ლარით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულების ფარგლებში მაია ცქიტიშვილმა, მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დებედას ნაპირსამაგრის პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები