ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: სიების გადაცემა კანონდარღვევით არ მომხდარა

“მიღება-ჩაბარების აქტით უბნებზე ეტაპობრივად გავცემთ სხვადასხვა ინვენტარსა და დოკუმენტაციას, ამაში არანაირი კანონდარღვევა არაა”, – ამის შესახებ ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისვე თქმით, სულ არის 107 უბანი, სადაც ცესკოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, დღეს უბნებს ამომრჩეველთა ერთიანი სიების სამაგიდო ვერსიები; ამომრჩეველთა ბარათები მეორე ეტაპისთვის და 18 წელს მიღწეული პირებისათვის ფლაერები გადაეცათ, რომლებიც მესხიას თქმით, რიგი პრობლემების გამო უკანვე გამოითხოვეს.

“ჩვენი საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 107 უბნისგან, შესაბამისად, ეტაპობრივად გავცემთ გარკვეული ტიპის დოკუმენტებსა და ინვენტარს მიღება-ჩაბარების აქტით. დღეს აღნიშნული აქტით, ცესკოს თავმჯდომარის მიმართვით, გაცემულ იქნა უბნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიების სამაგიდო ვერსიები; ამომრჩეველთა ბარათები მეორე ეტაპისთვის დასარიგებლად, ვინაიდან ცვლილებები შევიდა სიებში; ასევე, 18 წელს მიღწეული პირებისათვის ფლაერები, ვინც პირველად იღებს წელს არჩევნებში მონაწილეობას და სხვა ინვენტარი თუ დოკუმენტი. ეს პრაქტიკაში ასე გვაქვს დანერგილი, რადგან არის მრავალი უბანი. ვინაიდან ახლა არის რიგგარეშე არჩევნები და 107 უბანზე ტარდება, შესაბამისად, ეტაპობრივად გაიცემა. ამაში არანაირი კანონდარღვევა არაა.
​ამ ეტაპზე გაცემულია ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდო ვერსიები. როგორც კი გაჩნდა ამასთან დაკავშირებით პრობლემა, ზუსტად გამჭვირვალობის თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკან გამოვითხოვეთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდო ვერსიები.
​ახლა სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს ამ სიების დათვალიერება, რაოდენობრივად ყველა გვერდის გადათვლა და შემოწმება.
ზოგადად, სიები დალუქული არ გადაეცემა უბნებს, ის ამომრჩეველთა ბარათებთან ერთად პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული გადაეცემათ. დალუქული გადაეცემა მხოლოდ რეგისტრატორის ბეჭდები”, – განაცხადა ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხიამ.

ცნობისთვის, დღის განმავლობაში ზუგდიდის საკრებულოში ხმაურისა და ვითარების დაძაბვის შემდეგ, ენმ-ს წევრები პრეტენზიებით ამჯერად, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისიის შენობაში მივიდნენ.
მათი განცხადებით, სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდები უბნებზე ვადაზე ადრე გადაანაწილეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაიტანეს, რაც, მათი თქმით, კანონდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას ინფორმაციით, სიები მათი მოთხოვნების საფუძველზე, 41 სოფლიდან მოაბრუნებინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები