თორნიკე რიჟვაძე სააკაშვილზე: მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა
“მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ, ისე, როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თითქოს ხულოში სამხატვრო გალერეის არსებობა სამარცხვინოა, რადგან როგორც მან თქვა, ხულოელებში ამის ნიჭი არ არსებობს.
“სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ეგრეთ წოდებულმა ლიდერმა, დღეს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ხულოს, აჭარას, საქართველოს. მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ ისე როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ. მათ შორის იმ არჩევნებზე, რომელიც გვაქვს 19 მაისს, იცის წაგებულია და უკვე ვეღარ აკონტროლებს მათ საქციელს, ვერც მათ გამონათქვამებს, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ მთიელი ხალხი არის ძალიან ვაჟკაცი ხალხი და ჩვენ დემოკრატიულად, ასევე კაცურად გავცემთ პასუხს და 19 რიცხვში თქვენ ნახავთ, რომ ხულოში, ეს პოლიტიკური ძალა, გამომდინარე მათი ძალადობრივი წარსულიდან, გაფარჩაკდება საბოლოოდ და ჩვენ ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ.
ეს არის მართლაც შარლატანების ლიდერი, სინდიკატი აქვთ შექმნილი და უკვე აღარ იციან რა განცხადებები გააკეთონ, როგორ მიაყენონ ხალხს შეურაცხყოფა. მე ხულოელ ხალხთან ერთად ვაპირებ, რომ ძალიან ღირსეულად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება.
ის, რომ მათ კავშირი ვერ იპოვეს სამხატვრო გალერეასთან და ხულოსთან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს ხალხი არის მიჩვეული ხალხის დამცირებას ხალხზე ძალადობას და ჩვენ ამას წერტილს დავუსვამთ“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
ხულოში სამხატვრო გალერეა 2002 წელს მხატვარ სიმონ ართმელაძის ხელმძღვანელობით გაიხსნა. ამ დროისთვის გალერეაში 2000-მდე ფერწერული ნახატია გამოფენილი. ადგილობრივების თქმით, დამწყები მხატვრებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ასევე, არის გახსნილი სამხატვრო სკოლა, სადაც 50 ბავშვი ეუფლება ტილოზე ხატვას. მუნიციპალიტეტში გალერიით ინტერესდებიან ვიზიტორებიც და მას ტურისტული დატვირთვაც აქვს.