უხვი ნალექის გამო, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა
უხვი ნალექის გამო, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა.
სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ადიდებულმა მდინარეებმა ახმეტის სოფელ ბაბანეურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, წუხანდელმა ხანგრძლივმა წვიმამ სიმინდის, ქერისა და ხორბლის ნათესები გაანადგურა, ზოგიერთს კი ატმის ბაღები დაუზიანა.
ხანგრძლივი წვიმის შედეგად, ადიდებულია მდინარე ალაზანიც, რის გამოც, შესაძლოა, პრობლემა სხვა სოფლებსაც შეექმნას.
ამ დროისათვის, უხვმა ნალექმა თელავის სოფლებიც დააზარალა. ლეჩურში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური მაგისტრალი დატბორა, რის გამოც მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.