საჩხერეში კონფლიქტისპირა 5 სოფლის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 11.5 მილიონი ლარია.
“პროექტი ითვალისწინებს კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების: პერევი, ჯრია, დარყა, ჭალასა და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას. გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელებისა და 80 კმ წყალსადენი მილის მოწყობა. ასევე, დაგეგმილია სოფლებში მრიცხველების მონტაჟიც.
ამ დროისთვის, სოფლებს არ გააჩნიათ წყალმომარაგების სისტემები. ზოგიერთ უბანში მოწყობილია მცირე ქსელები და სამარაგო ავზები, თუმცა ისინი კუსტარულია და არ აკმაყოფილებს ნორმებს. დარჩენილი მოსახლეობა სარგებლობს ან ადგილობრივი წყაროების ან ჭების წყლით. პროექტის დასრულების შემდეგ კი პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალასა და სპეთის, დაახლოებით, 3400 მოსახლე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“,- აცხადებენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.