სანდრა რულოვსი ედემი თოდუაზე: ალბათ, არ იყო ერთი და იგივე ადამიანზე საუბარი, ის ინტრიგის მსხვერპლი იყო
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა ელისაბედ რულოვსს გაუჭირდა პასუხის გაცემა ჟურნალისტის კითხვაზე, 2 დღის წინ რატომ უარყო ედემ თოდუას ენმ-ს წევრობა. მისივე თქმით, თოდუა ინტრიგის მსხვერპლი იყო.
“ალბათ, არ იყო ერთი და იგივე ადამიანზე საუბარი, მე ყველას სახელები და გვარები არ ვიცი. ეს ადამიანი აშკარად ინტრიგის მსხვერპლი იყო”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაცმოძრაობის” საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციის წევრების შანტაჟსა და ზეწოლაში დაადანაშაულა და ამის დასამტკიცებლად, გვერდით, ედემ თოდუა დაიყენა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობა”, 30-მდე წევრთან ერთად, იმ მიზეზით დატოვა, რომ მას კობა ნაყოფიამ დაპირებული ფული არ გადაუხადა.
2 დღის წინ, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სანდრა რულოვსმა და გრიგოლ ვაშაძემ კატეგორიულად უარყვეს, რომ თოდუა, ზუხბაია და დანარჩენი პირები მათი პარტიის წევრები იყვნენ და ამ თემას ენმ-მ ბრიფინგებიც მიუძღვნა. თუმცა დღეს „პირველი ჩვენება“ შეცვალეს. ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენციაზე ედემ თოდუა გვერდში მოიყენა და საზოგადოებას ის. როგორც თავიანთი პარტიის წევრი, ისე წარუდგინა, რომელიც ხელისუფლებამ დააშანტაჟა. ბეჟაშვილი მედიას 10 წუთის განმავლობაში არწმუნებდა, რომ თოდუამ შტაბის წინააღმდეგ განცხადებები მოტყუებით და ზეწოლის შედეგად გააკეთა და ამაში ქრთამის სახით 600 ლარიც მიიღო.
თუმცა, თავად დღევანდელი დღის „გმირმა“, ედემ თოდუამ ამავე ბრიფინგის შემდეგ, ჟურნალისტებს საწინააღმდეგო განუცხადა და მასზე ზეწოლის ფაქტი კატეგორიულად უარყო. მან განაცხადა, რომ არავის მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. როგორც ჩანს, მისი ეს განცხადება “ნაციონალების ლიდერებს” არ მოეწონათ და რესპონდენტი ჟურნალისტებს, ფაქტობრივად, ხელიდან გამოგლიჯეს.