სანდრა რულოვსი: ის ორი ადამიანი, ვინც განაცხადა, რომ პარტია დატოვეს, “ენმ-ის” წევრები არ არიან

ზუგდიდის მერობის “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატის, სანდრა რულოვსის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად  ფეიკნიუსების გავრცელებამ იმატა.
როგორც მან განმარტა, პარტია არავის დაუტოვებია და ყველა კოორდინატორს თავის დროზე ერიცხება ხელფასი.

“როცა გავრცელდა ინფორმაცია 30 ადამიანზე, თითქოს, მათ დატოვეს ჩვენი პარტია, ვნახეთ ის ორი ადამიანი, ვინც ეს განაცხადა და დავადგინეთ, რომ ისინი ჩვენი პარტიის წევრები არ არიან. გვიახლოვდება არჩევნები, ენერგიამ მოიმატა, მომხრეებმა მოიმატა და ხელისუფლება ფეიკნიუსებს ავრცელებს. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენი კოორდინატორები ყველა პატივისცემაშია. ყველამ იცის, როდის უნდა აიღოს ხელფასი და ჩვენ ამას არ დავარღვევთ. არიან მოხალისეებიც და ისინი უსასყიდლოდაც გვეხმარებიან. ეს იყო პროვოკაცია და კობა ნაყოფიამ თვითონ მოაგვარა ურთიერთობა და არაფერია სანერვიულო“, – განაცხადა რულოვსმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის ორგანიზაციიის 30-მდე წევრმა დატოვა. მიზეზი კი დაპირებული ანაზღაურების არმიცემა იყო. როგორც 66-ე უბნის კოორდინატორი, გოგა ზუხბაია აცხადებს, 66-ე და 64-ე უბნის კოორდინატორებს კობა ნაყოფია ხელფასებს დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არ გადაუხდია. მისივე თქმით, როცა კოორდინატორები ოფისში თანხის ასაღებად მივიდნენ, ნაყოფიას პრეტენზიები ხმამაღლა წაუყენეს, თუმცა ეს უკანასკნელი მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ხელფასები არ მისცა. დაპირისპირება “ენმ-ის” ოფისში 25 აპრილს მოხდა.

ცნობისთვის, დღეს, ფინანსური პრობლემის გამო, დარჩელში “ნაცმოძრაობის” ოფისიც დაიხურა. ფართის მეპატრონემ იჯარის გადაუხდელობის გამო, “ენმ-ის” ფართის დაცლა მოსთხოვა. “კვირამ” გრიგოლ ვაშაძეს კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებითაც დაუსვა, რაზეც ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ “ენმ”  “ღარიბი ხალხის ღარიბი პარტიაა” და ეს გასაკვირი არ არის.

“არ გაგიკვირდეთ იმიტომ, რომ ჩვენ არც ხელისუფლება გვაქვს, არც ბიუჯეტიდან მოპარული ფული და არც ბიზნესების პატრონებს ვატერორებთ იმისთვის, რომ შემოწირულობა გააკეთონ პარტიაში”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები