რუსეთის მიერ 1 აგვისტოს დილით განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას უკრაინის დედაქალაქ კიევში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რუსულმა ძალებმა ქალაქს სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებითა და სარაკეტო იარაღით შეუტიეს.
უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულება. ასევე განადგურდა ათობით კერძო ავტომობილი.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა, რაც კიევმა ბოლო თვეებში გადაიტანა. სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება“, — განაცხადა დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„დარწმუნებული ვარ, რუსეთი აგებს ამ ომს. მაგრამ სანამ ეს მოხდება, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. მსოფლიო არ უნდა დუმდეს“, — განაცხადა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კიევში გლოვის დღე გამოცხადდა.