„ყველაზე დიდი ემოცია ადამიანებთან და ბუნებასთან სიახლოვისას იბადება“ – ნია კოჭლამაზაშვილის „ელიას ეკლესია“, „თივის ზვინები“, „ფიროსმანი“, „ზედაშე“, „სოლომონ დოდაშვილი“

დაიბადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში. ბოდბის საჯარო სკოლოქროს მედლით დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტზე, რომელიც  2024 წელს წარჩინებით დაამთავრა.
სკოლის ასაკში მონაწილეობდა სხვადასხვა სამხატვრო კონკურსებში.
2024 წელს მონაწილეობდა signage ART Festival-ში. სიღნაღში მოეწყო მისი, როგორც თვითნასწავლი მხატვრ გამოფენა. – ნია კოჭლამაზაშვილის პერსონა.
  ბავშვობა…
–  ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. ბავშვობიდანვე მიყვარდა ხატვა.
  პირველი ნახატები…
– ბავშვობიდანვე ვხატავდი, ჩვეულებრივ, როგორც ყველა ბავშვი. ასაკის მატებასთან ერთად ვხვდებოდი, რომ ხატვა ჰობად მექცა.

„მოხუცები“

 რატომ მედიცინა?
– ყოველთვის მინდოდა ადამიანების დახმარება. ოჯახის წევრები  მყავს ექიმები. ალბათ  ამანაც იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე.
 გამორჩეულია პორტრეტები და პეიზაჟები. შთაგონებას რა გაძლევთ?
– ბავშვობაში ხშირად ვატარებდი დროს ბუნებაში. ბუნებასთან სიახლოვე და სიყვარული ოჯახიდან მოდის. ყველაზე დიდი ემოცია სწორედ ადამიანებთან და ბუნებასთან სიახლოვისას იბადება. მინდა ყოველთვის უფრო მეტი დავინახო ადამიანებში. ალბათ სწორედ ეს არის შთაგონების წყარო.

„თივის ზვინები“

 როგორ დაიხატა ფიროსმანი და სოლომონ დოდაშვილი?
– მაქვს ნახატი „თივის ზვინები“,  და ბევრმა ეს ნახატი ფიროსმანის ნამუშევრებს შეადარა. მაშინ გამიჩნდა სურვილი, უფრო სიღრმისეულად მეგრძნო ფიროსმანი ხატვის პროცესში.
სოლომონ დოდაშვილი გამორჩეული პიროვნებაა, განსაკუთრებით ქიზიყელებისთვის. მინდოდა ჩემს ნახატში გამეცოცხლებინა ეს ბუმბერაზი ადამიანი.

„ფიროსმანი“

 ერთი  ნამუშევრის ისტორია…
– ქიზიყში არის უძველესი შემორჩენილი ტრადიცია – ზედაშის ტრადიცია. მახსოვს ბავშვობაში საგვარეულო ზედაშეზე ვიყავით. უფროსები მომიყვნენ ზედაშის ტრადიციის შესახებ. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ეს შთაბეჭდილება არ წაიშალა, დღემდე გამომყვა. დღეს ზედაშეებზე აღარავინ მიდის, ჩვენი ზედაშეც ნანგრევებად არის ქცეული. ის, რაც დავიწყებას ეძლევა, მინდა ჩემს ნახატში დარჩეს.

„ზედაშე“

  სიღნაღში გაიმართა თქვენი, როგორც თვითნასწავლი მხატვრის, გამოფენა… ემოცია?
– ძალიან სასიამოვნო განცდაა, როდესაც ადამიანები მოდიან, ათვალიერებენ და გიფასებენ შემოქმედებას.
https://www.facebook.com/reel/2385395055139415
– გაქვთ გვერდი: Nia Kochlamazashvili ARTროგორ უთავსებთ ერთმანეთს სწავლას და ხატვას?
– ხატვის და სწავლის ერთმანეთთან შეთავსება რთულია, თუმცა ხატვა ჩემთვის მოტივაციას და იმ საყრდენს წარმოადგენს, რომლითაც ამ ორი საქმის ერთმანეთთან შეთავსება შემიძლია.

„სოლომონ დოდაშვილი“

საყვარელი მხატვრები…
– ჩემთვის ყველაზე საყვარელი მხატვარი მაინც ფიროსმანია.
რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა?
– ხატვა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ჩემი ცხოვრების აზრია.
ჰობი…
–  ჰობი ჩემი მხარის, ქიზიყის ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალების  ძიება, გაცნობაა.
 სამომავლო გეგმები
– ამჟამად შორეული გეგმები არ მაქვს, ვიცი რომ უნდა ვხატო, რადგან მინდა, რომ ვხატო.

„სიმღერა“
„ჰამლეტ გონაშვილი“
„სამაია“
„ბოდბის ქუდურები“

 

                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები