“ღარიბი ხალხის ღარიბი პარტია ვართ” – ვაშაძის პასუხი ენმ-ს მხრიდან დაზარალებულ კოორდინატორებს და მეიჯარეს (ვიდეო)
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ნაცმოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა, სიცრუეა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, ენმ-ს რიგებს მხოლოდ 2 ადამიანი გამოაკლდა, თუმცა მათ პარტიის სიები გადასამოწმებელი აქვთ და ამ ეტაპზე, დაზუსტებით არც იცის, იყვნენ თუ არა ისინი მათი ორგანიზაციის წევრები.
“ახლა დავრეკე, არანაირი 30 ადამიანი არ წასულა, მხოლოდ 2 ადამიანია და ისიც გასარკვევია, არიან თუ არა ისინი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები. დიდი ხანია გვჭირდება ჩვენი წევრების სიების გადამოწმება, თუმცა, რომც დაეტოვებინათ, აპოლიტიკურ ბრძოლაში, მე პირადად. პატარა აგური მირჩევნია, ბამბით გატენილ ტომარას”, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის ორგანიზაციიის 30-მდე წევრმა დატოვა. მიზეზი კი დაპირებული ანაზღაურების არმიცემა იყო. როგორც 66-ე უბნის კოორდინატორი, გოგა ზუხბაია აცხადებს, 66-ე და 64-ე უბნის კოორდინატორებს კობა ნაყოფია ხელფასებს დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არ გადაუხდია. მისივე თქმით, როცა კოორდინატორები ოფისში თანხის ასაღებად მივიდნენ, ნაყოფიას პრეტენზიები ხმამაღლა წაუყენეს, თუმცა ეს უკანასკნელი მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ხელფასები არ მისცა. დაპირისპირება “ენმ-ის” ოფისში 25 აპრილს მოხდა.
ცნობისთვის, დღეს ფინანსური პრობლემის გამო, დარჩელში “ნაცმოძრაობის” ოფისიც დაიხურა. ფართის მეპატრონემ იჯარის გადაუხდელობის გამო, ენმ-ს ფართის დაცლა მოსთხოვა. “კვირამ” გრიგოლ ვაშაძეს კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებითაც დაუსვა, რაზეც ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ენმ “ღარიბი ხალხის ღარიბი პარტიაა” და ეს გასაკვირი არ არის.
“არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ჩვენ არც ხელისუფლება გვაქვს, არც ბიუჯეტიდან მოპარული ფული და არც ბიზნესების პატრონებს ვატერორებთ, იმისთვის, რომ შემოწირულობა გააკეთონ პარტიაში”, – განაცხადა ვაშაძემ.
თუმცა, საკითხზე, თუ ვინ დაიცავს ენმ-ის მხრიდან დაზარალებულ მოსახლეობას, კოორდინატორებს და მეიჯარეს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს დღეს თავისი პოზიცია არ გამოუხატავს.