საგურამოში „ილიაობის“ დღესასწაულს კულტურის მინისტრი დაესწრო

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საგურამოში „ილიაობის“ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თინათინ რუხაძის თქმით, კულტურის სამინისტროს მიზანია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სახლ-მუზეუმისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, შენარჩუნება და განვითარება.
„2025-2027 წლების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სოფელ წიწამურთან მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლსა და ილიას მკვლელობის ადგილას აღმართულ ობელისკს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია; ილიასეულ სამოურავო შენობაში, რომელსაც დღეს ადმინისტრაციული ფუნქცია აკისრია, მოეწყობა ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საგამოფენო სივრცე დროებითი გამოფენებისთვის; დაგეგმილია მუზეუმის მემორიალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია თანამედროვე მიდგომების შესაბამისად; მოეწყობა კლიმატკონტროლის სისტემა, რომელიც სამუზეუმო ნივთებს შეუქმნის სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს; განახლდება მუზეუმის ფასადი და შიდა კედლები; შემუშავდება მუზეუმის საგამოფენო სივრცის ახალი კონცეფცია; აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული კომპლექსი, რომელიც მოიცავს სამუშაო ოთახებს თანამშრომლებისთვის, ფონდების საცავს, საკონფერენციო დარბაზს, საგანმანათლებლო ცენტრს; კეთილმოეწყობა მუზეუმის ეზო“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას, რომელსაც სახლ-მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე უძღვებოდა, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.
„ილიაობის“ დღესასწაული ხალხური რეწვის ნიმუშების, წიგნების, ნახატების გამოფენით და საზეიმო კონცერტით აღინიშნა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები