გიორგი კალანდარიშვილი: ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია

„ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საინფორმაციო სივრცის კვლევის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დროული, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ მეტი განმარტება და მეტი ინფორმაცია იმ სხვადასხვა აქტივობასთან მიმართებით, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს.

„დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, ეს არის დროული, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ მეტი განმარტება და მეტი ინფორმაცია იმ სხვადასხვა აქტივობასთან მიმართებით, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს. ამ შემთხვევაში ჩვენი ანგარიში, რომელიც უკავშირდება იმ გამოკვეთილ და გამოვლენილ დეზინფორმაციებს, რომლის მთავარი მიზანიც ალბათ, ზოგადად, ნდობის შერყევაა და არასწორი აღქმების ფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ერთ-ერთ ინსტრუმენტად ინსტიტუცია უკვე რამდენიმე წელია იყენებს ინფორმაციის დაცულობის ცენტრს, რომლის მიზანიც გახლავთ, რომ ოპერატიულად გამოავლინოს საჯარო სივრცეებში გავრცელებულ ინფორმაციასთან მიმართებით, რომელიც ძირითადად უკავშირდება ცრუ ნარატივებს, დეზინფორმაციას, სიძულვილის ენას, დისკრედიტაციას, დისკრიმინაციას და ა.შ. და მივაწოდოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საზოგადოებას სიმართლე.

ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ამას ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი პოლიტიკურად მოტივირებული თუ სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიერ პოლიტიკური დღის წესრიგი“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები