მაკა ბოჭორიშვილი შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია
საზაფხულო ბანაკი ერთ ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს ვუზიარებთ ჩვენს სითბოს და სიყვარულს, ჩვენი სამშობლოს მშვენიერებას, ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების დამეგობრებას ერთმანეთთან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოზარდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც შაორის ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ახალგაზრდა თანამემამულეებზე ზრუნვა და მათთან მჭიდრო კავშირების დამყარება წარმოადგენს.
„საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეები, ისევე როგორც ზოგადად – ქართული დიასპორა ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყანა ცდილობს ერთიანი, მდგრადი პოლიტიკა განახორციელოს ჩვენი დიასპორის განვითარების და საქართველოსთან მათი მჭიდრო კავშირების შესანარჩუნებლად”- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი ახალგაზრდა თანამემამულეებს ესაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამებზე, მათ შორის ყოველწლიურ საგრანტო პროგრამაზე, რომელიც დიასპორის ჩართულობით, საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე.
პროექტი „შაორის საზაფხულო ბანაკი უცხოეთში მცხოვრები მოზარდებისთვის“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და 80-მდე მოზარდს მასპინძლობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან და პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ზარქუასთან ერთად შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა დიასპორელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს და ისაუბრეს იმ უნიკალურ შესაძლებლობაზე, რომელსაც მათ აღნიშნული პროექტი აძლევს – შეიძინონ მეგობრები და უფრო ახლოს გაიცნონ საქართველო.