“ეს გაუაზრებელი და გაუთვლელი მოქმედებები იყო, რამაც დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენა“

“ძალიან ფრთხილად გავაკეთებდი შეფასებებს მოვლენებზე, რაც პანკისში ვნახე და ყველა დეტალს ვაკვირდებოდი”, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პანკისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„ეს იმდენად ფაქიზი თემაა, რომ მგონია, მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, არცერთ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხას არც განცხადებამ და არც – ქმედებამ. ძალიან ფრთხილად გავაკეთებდი შეფასებებს მოვლენებზე, რაც პანკისში ვნახე და ყველა დეტალს ვაკვირდებოდი. ეს ძალიან სახიფათო რამ არის და, წინასწარი დიალოგის რესურსი ვიდრე არსებობს, ეს გამოყენებული უნდა იყოს. ვიდრე ძალისმიერ მეთოდებზე გადავალთ, რომელიც ძალიან სახიფათოა განსაკუთრებით ასეთ მგრძნობიარე ადგილზე, საჭიროა, არა ერთი, ორი, ხუთი, ათი, არამედ იმდენი დიალოგის წარმართვა, რამდენის შესაძლებლობაც არსებობს, იქამდე, ვიდრე ასეთ კონფლიქტში მოსახლეობასთან შევა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, პოლიციაზე ძალადობა და ქვების სროლა დაუშვებელია.
„ხელისუფლებამ წინასწარ უნდა გათვალოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებმაც პროვოცირება გაუკეთა ამ მოქმედებებს, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მგონია, რომ ეს გაუაზრებელი და გაუთვლელი მოქმედებები იყო, რამაც დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება 21 აპრილს ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები