„ყველა ნამუშევარში უდიდესი ენერგია და სიყვარულია ჩადებული“…

ბავშვობიდან ოჯახური სითბო ახსოვს. ხატვაც ადრეული ასაკიდან დაიწყო. მაგრამ ვინაიდან ოჯახში უმრავლესობა ექიმი იყო, 14 წლის ასაკში სამედიცინო კოლეჯში ჩააბარა… გარკვეული ხნის შემდეგ შოთა ნადირაშვილთან შეხვედრა გარდამტეხი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში – სწავლა ფსიქოლოგიის ინსტიტუტში განაგრძო… პარალელურად ხატავდა, პირველი სრულყოფილი ნახატი გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი წაკითხვის შემდეგ შექმნა… მას მოჰყვა ოქროსფერებით დამშვენებული სხვა ნამუშევრები…
ამბობს, რომ ხატვა იმდენად არის მისი ცხოვრების ნაწილი, რომ ჰობს ვერ დაარქმევს. მუდმივა ვითარდება ნამუშევრების შესრულების ტექნიკა და, შესაბამისად, მუდმივად სიახლის ძიებაშია… – მხატვრისა და ფსიქოლოგის, მაია დუგლაძის პერსონა.

 – დავიბადე 1983 წლის 20 აგვისტოს, ვიზრდებოდი მრავალრიცხვოვან ოჯახში, რამდენიმე თაობის წარმომადგენლების გარემოცვაში, გასაოცარი სითბოთი და ყურადღებით განებივრებული ბაბუით, ბებიებით, მშობლებით და უფროსი ძმით. ამიტომ ჩემს მახსოვრობაში უამრავი დასამახსოვრებელი დღეა და მათი გახსენებაც მხოლოდ სასიამოვნო ღიმილს მგვრის.
პირველი ნახატები
– ხატვა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე, დედა იხსენებს ხშირად ჩემს პირველ შეხებას კალამთან, მეც ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ვითხოვდი სულ ფურცელს და „პასტას“ და დიდი სიამოვნებით ვხატავდი პატარა ფიგურებს.
და მაინც, პროფესიით ფსიქოლოგი ხართ...
– ოჯახის წევრების უმრავლესობა ექიმი იყო, ბებია მყავდა თურმანიძის გვარის, ამიტომ 14 წლის ასაკში სამედიცინო კოლეჯში ჩავაბარე, მაგრამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჩემი შეხვედრა ბატონ შოთა ნადირაშვილთან (ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი) გარდამტეხი აღმოჩნდა – სწავლა განვაგრძე ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.
სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე არც მიფიქრია, ხატვა ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამდევი იყო.
ითქმის 8 წელი ვატარებდი სტუდენტის სტატუსს… რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პერიოდია ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში, უამრავი მეგობარი, ინტერესი, ლაღი, მომღიმარი ურთიერთობები.
როგორ იქმნება კომპოზიციები,  როგორ მოდის შთაგონება?
–  ადრეულ ასაკში ჯერ მხოლოდ პატარ-პატარა ფიგურებს ვხატავდი, კარგად მახსოვს, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ რომ წავიკითხე, იმ საღამოს პირველი სრულყოფილი ნახატი შევქმენი, პატარ-პატარა ორნამენტებით დახატული ერთი მთლიანი სამოსი, ამ ეტაპზე, უკვე თითქმის 20 წლის მერე, ყოველ დღე, თავისით მომდის რაღაც ახლის შექმნის იდეა.
ნათელი, დამამშვიდებელი ფერები გაქვთ, ანუ მთელი დატვირთვა ფერზეა…. მზე შემოდის სულშიგანწყობასაც მზისფერი და ოქროსფერი ქმნის
– თავდაპირველად შავი ტუშით ვხატავდი, 7 წლის წინ ნელ- ნელა ფერები შემოემატა, პირველად ჩემი მეუღლის დედამ მაჩუქა ფერადი ტუშები და ასე „გაფერადდა ჩემი შემოქმედება“, ოქროსფერი ჩემში იმდენ პოზიტივს იწვევს, რომ მგონია, ამით ყველა ნამუშევარს საოცარ სითბოს ვძენ…
ანბანიულამაზესია
– მეგობრის იდეა იყო, მამის სახელის და გვარის პირველი ასოები, ინიციალები დამეხატა.  ცალკეული ინიციალები სხვა დროსაც შემიქმნია მხოლოდ ჩემთვის, მაგრამ მეგობარი მენდო და მამას სიურპრიზი გაუკეთა…  ასე განხორციელდა ეს იდეა.
თითოეული ნახატი დიდ შრომას მოითხოვს, იმდენი დეტალია გათვალისწინებული, ასევე ჩაქსოვილია ფანტაზია…  თქვენეული განცდით დახატული სამყარო გვეშლებარამდენ ხანს მუშაობთ ერთ ნახატზე?
– ნამუშევრებს,  ძირითადად, ტუშით და აკრილით ვხატავ, პატარ -პატარა მინიატურული დეტალები იქმნება ტუშით, ტილოზე ტუშით შესრულება შეუძლებელია ამ ტექნიკით, ამიტომ იხატება სხვადასხვა სახეობის ფორმატზე, ზომის მიხედვით… დროც განსხვავებულია, 40-60 საათი დამჭირვებია, დიდ ნამუშევრებზე – კიდევ უფრო მეტი.
რამდენიმე თქვენი ნამუშევარი, რომლებიც გიყვართ
– ძალიან რთულია რომელიმეს გამოყოფა, ყველა ნამუშევარში უდიდესი ენერგია და სიყვარულია ჩადებული, არასოდეს დამიხატავს ძალდატანებით, ალბათ სიახლის აღმოჩენის დროს შექმნილი ნამუშევრები კიდევ უფრო დიდი სიფრთხილით იქმნება – ბროწეულები, პუანტები, მედუზა, ტყე, სპილო, ბუ და მრავალი სხვა…
ნამუშევრების შესრულების ტექნიკა მუდმივად ვითარდება, ემატება სხვადასხვა სახეობის აკრილი და ტუში,  შესაბამისად, მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ…
თვალირა დატვირთვას იძენს თქვენს ნახატებში?
– ნამუშევარი იქმნება სპონტანურად, მხოლოდ ხატვის პროცესში ეძლევა კონკრეტული ფორმა და ფერი. ალბათ ეს გაუცნობიერებელი დეტალია და ასეთი უამრავია.
სალვადორ დალი, კლიმტი და ბოსხი გიყვართმაინც რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– სამივე მხატვრის ნამუშევრები ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც დალის გამოვარჩევ ფორმებით, ხედვით, მრავალფეროვნებით, შესრულების გადაოცარი და განსაკუთრებული მანერით. გამოვყოფ რამდენიმე ნამუშევარს – „წმინდა ანტონის ცდუნებას“, „ყრმა უყურებს ახალი სიცოცხლის დაბადებას“, „რბილი საათები“…
გამოფენები
– 2018 წელს მქონდა 2 პერსონალური გამოფენა: „რეინკარნაცია“ და „სანიშნე“.  ორივე გამოფენა ჩემი მეგობრების და ოჯახის წევრების თხოვნით და დახმარებით გაიმართა. უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს.
პირველი გამოფენა მიეძღვნა 2017 წელს გარდაცვლილ მამას – ლევიკო დუგლაძეს  და ჩემი მეუღლის მამას, დათო (გივი) პაპუაშვილს – ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ირდენოსანს (1993 წელს აფხაზეთის ომში დაიკარგა, 2017 წელს, 24 წლის შემდეგ გადმოასვენეს დაღუპულ გმირებთან ერთად აფხაზეთიდან).
სახელიც აქედან დაიბადა, თითქოს დიდი ტკივილი, დანაკარგი და სიყვარული კიდევ უფრო ხმამაღლა გადმოიცა ნამუშევრებში.  თვითნასწავლი მხატვარი ვარ და პირველ გამოფენაზე, მხატვართა კავშირის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გავხდი მხატვართა კავშირის წევრი, ასევე ვმონაწილეობდი ჯგუფრ გამოფენებში.
ჰობი
ისევ და ისევ ხატვა, თუმცა ჰობს ვერ დავარქმევ, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია…
ოჯახი
– მყავს მეუღლე და 4 წლის ვაჟი, ასევე ოჯახი დიდი შემადგენლობით, რომელთა არსებობაც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის.
როგორ იყიდება თქვენი ნამუშევრები და ვინმე ცნობილ პიროვნებას ხომ არ აქვს?
– ნამუშევრების დიდი ნაწილი გაიყიდა გამოფენებზე, ასევე იყიდება ჩემი ფეისბუქგვერდით – Mai Dugladze ART – https://www.facebook.com/MaiDugladzeArt/ .
ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში.
 მუშაობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხატვისთვის როდის იცლით?
–  ხატვისთვის ვიცლი ყოველთვის, როცა კი ცოტაოდენ დროს მოვიხელთებ…
ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს ოჯახის წევრებისგან და ჩემი შვილისგან, ყველას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ამ პროცესის ყურება.
ქვენს გვერდზე განთავსებულია  ბოლო ნამუშევრები, რომლებიც აღდგომის თემას ეხმიანება?
– ბოლო 2 ნამუშევარი აღდგომის თემაზეა.  99% აკრილით არის შესრულებული აკრილის ფორმატზე…
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ვისურვებდი უამრავ სიკეთეს, მომღიმარ და ბედნიერ სახეებს, ჯანმრთელობას, ჯანმრთელ ბავშვებს მთელ ქვეყანაზე და გამთლიანებულ საქართველოს…
როგორ გეხმარებათ ფსიქოლოგია მხატვრობაში?
– ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ნამუშევრიდან იღებდე პოზიტივს და ჩემი შინაგანი მდგომარეობაც ხატვის დროს იმდენად მშვიდი და პოზიტიურია, რომ დიდი იმედი მაქვს… იგრძნობა ეს ნამუშევრებში, არტთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა ხატვით თერაპია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი თერაპიაა.

თამარ შაიშმელაშვილი

 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები