დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება, შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება
„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ ე.წ. „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოდკასტერ გიორგი კალატოზის ე.წ. „სკეჩს“, რომელშიც, კალატოზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მდგომარეობას საზოგადოების გასართობად და სიცილის გამოსაწვევად იყენებს.
ჩიხელიძის თქმით, გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე გაკეთებული ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება.
„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს. არსებობს თემები, რომლებზეც ხუმრობა უბრალოდ დაუშვებელია, რადგან საუბარია სიცოცხლისთვის ყოველდღიურ ბრძოლაზე. როდესაც ამ ბრძოლას ბავშვები გადიან, საკითხი კიდევ უფრო მძიმე და მგრძნობიარე ხდება.
გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება. როდესაც ადამიანი ამ ზღვარს კვეთს, ის საკუთარ თავზე ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე იმ ადამიანებზე, ვისზეც ხუმრობას ცდილობს.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღეს ზოგიერთი ადამიანი მზად არის ყურადღების მისაქცევად ყველაფერზე წავიდეს. აღარ არსებობს წითელი ხაზები, აღარ არსებობს ზღვარი, რომლის იქით გაჩერება აუცილებელია. თუმცა საზოგადოებისთვის უნდა არსებობდეს ღირებულებები, რომლებიც ხელშეუხებელია. კალატოზს მორალი არ აქვს და ადამიანობა როგორ ექნება?
ზოგი ადამიანი პოპულარობას კარგავს, ზოგი კი ადამიანობას, კალატოზმა დიდი ხანია არჩევანი გააკეთა, მან ადამიანობა დაკარგა“, – წერს ჩიხელიძე.