აფხაზეთის კრიზისიდან გამოსავალი – ვადამდელი არჩევნები?

ჟურნალისტი დემის პოლანდოვი აფხაზეთის კრიზისთან დაკავშირებით სოხუმელ ექსპერტებს – აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის თანამშრომელს ასიდა შაკრილს და საზოგადო მოღვაწეს როინ აგრბას ესაუბრა. ,,კვირა“ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

დემის პოლანდოვი: ასიდა, დღეს თქვენ აფხაზეთის 28 საზოგადოების წარმომადგენელთან ერთად ხელი მოაწერეთ განცხადებას: ,,არ შეიძლება სამართლებრივი სახელმწიფოს შენება არასამართლებრივი მეთოდებით“ . ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიანი გადაწყვეტის რესურსები ჯერ კიდევ არ ამოწურულა. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობდით? რა გამოსავალი არსებობს სიტუაციიდან?

ასიდა შაკრილი: მე ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ ქვეყანა ქაოსში არ ჩაითრიო, ყოველთვის არსებობს რესურსი, რომელიც უნდა მოიძებნოს. მოცემულ სიტუაციაში ყველა უნდა აცნობიერებდეს საკითხის მნიშვნელობას. მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ხალხს ტვინს ურევენ და ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. დღეს ბევრმა გააცნობიერა, რომ უნდა შედგეს დიალოგები სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმატში. უნდა დამუშავდეს სხვადასხვა წინადადება და შესაძლებლობა.

დემის პოლანდოვი: დიალოგი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ჩხუბი, ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა იქნება ამ დიალოგის შედეგი?

ასიდა შაკრილი: სიტუაცია ძალიან რთულია. ხალხი ამ ადამიანებს ხელისუფლებაში არ მიიღებს. ამ გზით ხელისუფლების მოსვლა მიუღებელია. ამიტომ, დღეს ამ პროცესის როგორმე დასაწყებად უნდა დავუბრუნდეთ საწყის პოზიციას. დღეს მოლაპარაკებების შესახებ საუბრით, როცა პრეზიდენტი თავის კაბინეტში არ ზის, ვფიქრობ, ამ ადამიანებს ლეგიტიმურობას ვანიჭებთ – ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია და ამის გაკეთება არ შეიძლება. ხვალ იქ მივლენ შეიარაღებული დამნაშავეები და ჩვენ მათაც უნდა დაველაპარაკოთ? მე მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ცუდია ამ გზით სიარული.

დემის პოლანდოვი: როინ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღეს საწყის პოზიციაზე დაბრუნება შესაძლებელია? საქმე ისააა, რომ ვიტალი გაბნიამ თავის გამოსვლაში განაცხადა, აფხაზი ხალხის მენტალიტეტი არ მისცემს მას საშუალებას, საწყის პოზიციებს დაუბრუნდესო. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

როინ სგრბა: მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას საკმარისი დრო და ნდობა ჰქონდა, დაწყებული 2011 წლის არჩევნებიდან და მათ ეს ნდობა ამოწურეს. სექტემბერში თავად ანქვაბს ჰქონდა დიალოგზე წამოსვლის შესანიშნავი საშუალება, და მე ვფიქრობ, რომ მან ყველა შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ანქვაბის მხრიდან იმ წინადადებების უგულებელყოფამ, რაც მასთან 8 თვის განმავლობაში შედიოდა გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან, ჩემი აზრით, აფხაზი ხალხი ჩიხში შეიყვანა. ვეთანხმები ასიდას, რომ ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა არ შეიძლება, მაგრამ ავიწყდებთ, რომ 2004 წელს, როცა აფხაზეთში სიტუაცია ბევრად უფრო მწვავე იყო, ვიდრე ახლა, ზოგიერთები ტაშს უკრავდნენ და მიაჩნდათ, რომ ეს სახალხო დემოკრატია იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ მოედანზე შეკრებილი ის ხალხის მასა იყო სახალხო შეკრება, და არა მიტინგი. არ შეიძლება ასეთი მიდგომა. მე სრულიად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ხელისუფლების ცვლა კანონიერად უნდა მოხდეს. ამის რესურსი უდაოდ გაგვაჩნია.

ასიდა შაკრილი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ორი სიტუაციის შედარება, იმიტომ, რომ 2004 წელს ხალხის უმეტესობამ ხმა მისცა და ხელისუფლებამ მოიგო ეს არჩევნები. უბრალოდ არ აღიარებდნენ არჩევნების შედეგებს. ეს სხვა სიტუაცია იყო. არავის ხელისუფლება არ მიუტაცებია და კანონიერად არჩეული ხელისუფლება არავის გაუგდია. ვფიქრობ, საზოგადოება შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში. მხოლოდ ორი წელი დარჩა და არჩევნებიც მოვიდოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ დღევანდელ დღემდე ოპოზიციურ ძალებს ხელისუფლებისთვის კონკრეტული წინადადებები რეფორმების შესახებ არ შეუთავაზებიათ. ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ რესურსს. აქ პრობლემა ის კი არ არის, გადავაყენებთ თუ არა ალექსანდრე ანქვაბს, არამედ ის, თუ ვინ მოვა. არსებობენ კი დღეს ძალები, რომლებიც შემცვლელად მოვლენ? ვფიქრობ, ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს. ჩვენ ბევრს ველოდით ხელისუფლებისგან რეფორმების მიმართულებით, მაგრამ, როდესაც ვსაუბრობდით, რომ დიალოგი იყო საჭირო, ხელისუფლებას რეაგირება უნდა მოეხდინა ოპოზიციის მოთხოვნებზე. თუმცა პრობლემა ისაა, რომ კონსტრუქციული დიალოგი არ შემდგარა,როცა ოპოზიცია რაღაც კონკრეტულ პროგრამებს და კონცეფციებს სთავაზობდა.

დენის პოლანდოვი: მინდა ჩემს პირველ კითხვას დავუბრუნდე: რა არის დღეს რეალობა? არ გეჩვენებათ, რომ დღეს, ასეთი ჩიხის სიტუაციაში ვადამდელი არჩევნები გამოსავალი იქნებოდა?

ასიდა შაკრილი: ვფიქრობ, რომ დღეს ყველანაირი ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რომ სიტუაცია კონსტიტუციურ ჩარჩოში მოვაქციოთ.

დემის პოლანდოვი: თქვენი აზრი გასაგებია. როინ, თქვენ რას დაამატებდით?

როინ აგრბა: ჩვენს კონსტიტუციაშიც და ყველა ნორმალური ქვეყნის კონსტიტუციაშიც წერია, რომ ხალხის ნება მთავარი პირობაა ნებისმიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. დღეს აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება. პრეზიდენტ ანქვაბს აქვს საშუალება, დაუმტკიცოს მომხრეებს, რომ გამარჯვება შეუძლია. თუ მას მათი ნდობა გააჩნია, მაშინ გაიმარჯვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები