თბილისში წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
დღეს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც I ივნისის ჩათვლით გაიმართება. წლევანდელი ფესტივალი უცხოელი სტუმრების სიმრავლით გამოირჩევა. ორგანიზატორების მოწვევით ფესტივალს სპეციალური სტუმარი, ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ეწვია, რომლის წიგნებიც 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ქართველი მკითხველი ავტორს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ 2008 წელს გამოცემული წიგნით – „ნაივური სუპერი“ იცნობს.
ერლენდ ლუ ფესტივალის მიმდინარეობისას მწერლებსა და მკითხველებს შეხვდება. სპეციალური სტუმრის გარდა წიგნის ფესტივალს, გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებით, გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი ეწვია. მისი რომანი „ჟუჟა“ პირველად გამოიცემა საქართველოში და მისი პრეზენტაცია ფესტივალის ეგიდით, ჯერ „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში, შემდეგ კი – „მწერალთა სახლში“ მოეწყობა.
„ქარჩხაძის გამომცემლობის“ ორგანიზებით, თბილისს ესტუმრა ნორვეგიელი მწერალი სტიან ჰულე, რომლის ორი წიგნის – „ანას ზეცა“ და „გარმანის ზაფხული“ პრეზენტაციები ფესტივალის პავილიონში გაიმართება. ფესტივალს დახურავს კიდევ ერთი სტუმრის, კანადელი პოეტის – პატრიკ ვუდქოქის პოეზიის საღამო „მწერალთა სახლში“.
პატრიკ ვუდქოქის ლექსების თარგმანი პოეტ შოთა იათაშვილს ეკუთვნის. თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდება საქართველოს ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია, რაც საქართველოს 66 ბიბლიოთეკის წიგნის ფონდს სრულფასოვნად გააახლებს.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ტარდება და ქართულ საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს.