„ანქვაბი შეიძლება აღმოჩნდეს აფხაზთა უკანასკნელი ლიდერი, რომელთანაც ქართველებს დიალოგის გამართვა შეგვეძლო“

    აფხაზეთში ვითარება გამწვავდა. უკვე მეორე დღეა ოკუპირებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია გამოსვლებს აწყობს. ისინი ანქვაბთან მოლაპარაკებების შედეგს არ დაელოდნენ და ადმინისტრაციის შენობის შტურმი განახორციელეს. გაჟღერდა ეთნიკური ქართველების გასახლების საკითხიც. აფხაზეთში ჩასვლას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე აპირებს. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები რუსეთის მიერ არის პროვოცირებული, რაც პირდაპირ კავშირშია ივნისის ბოლოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან. როგორც პოლიტოლოგმა „კვირასთან“ განაცხადა, მთელ რიგ საკითხში, მათ შორის გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის „აფხაზური პასპორტიზაციის“ თემაზე ანქვაბის პოზიცია ყოველთვის ზომიერებით და სიფრთხილით გამოირჩეოდა, რის გამოც ოპოზიციის რადიკალურად რეაქციული ჯგუფები ანქვაბს ლამის აფხაზეთის ეროვნული ინტერესების ღალატსა და აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მფარველობაში სდებდნენ ბრალს. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ნაბიჯის საპირწონედ, სავარაუდოდ, მზადდება ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის ასოცირებული წევრობის შესახებ.1797430_874179292610088_775424854273456559_n
“ანქვაბის შეცვლა ქართველთმოძულე ხაჯიმბათი საქართველოს ინტერესებში არ შედის. ოპოზიციის მიერ აფხაზთა დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია ივნისის ბოლოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან. სავარაუდოდ, ამ პოლიტიკური ნაბიჯის საპირწონედ მზადდება ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასათან აფხაზეთის ასოცირებული წევრობის შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვის ინიციატივით აფხაზეთის ასოცირებული წევრობის საკითხი ევრაზიული საბაჟო კავშირის შექმნისას განიხილონ.
ალექსანდრე ანქვაბის მისამართით აფხაზური ოპოზიციის მთავარი ბრალდება არის ის, რომ ანქვაბის მიერ არასაკმარისად ხდებოდა აფხაზეთის ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციასთან. მთელ რიგ საკითხში (გალის რაიონის ქართველი მოსახლების „აფხაზური პასპორტიზაცია“ და სხვა) ანქვაბის პოზიცია ყოველთვის გამოირჩეოდა ზომიერებით და სიფრთხილით, რასაც ოპოზიციის რადიკალურად რეაქციული ჯგუფები – ხაჯიმბა, ლაკობა და სხვები აკრიტიკებდნენ. ისინი ანქვაბს ლამის აფხაზეთის ეროვნული ინტერესების ღალატში და აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრები ქართული ეროვნების წარმომადგენლების „მფარველობაში“ დებდნენ ბრალს“, – ამბობს პოლიტოლოგი.

ჯუბერ კირვალიძე არ გამორიცხავს, რომ ალექსანდრე ანქვაბი აღმოჩნდეს აფხაზთა ის უკანასკნელი ლიდერი, რომელთანაც ქართველებს დიალოგის გამართვა შეგვეძლო. პოლიტოლოგის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ ანქვაბი გადადგა, ოკუპირებული აფხაზეთის პირველი პირი ანტიქართველი რაულ ხაჯიმბა გახდება, რომელიც, ანქვაბისგან განსხვავებით, მოსკოვის ნებისმიერი ბრძანების უპირობო შემსრულებელია.
„საქმე ის არის, რომ ალექსანდრე ანქვაბი შეიძლება აღმოჩნდეს აფხაზთა უკანასკნელი ლიდერი, რომელთანაც ქართველებს ორმხრივი ურთიერთობების დაწყების და მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დიალოგის გამართვა შეგვეძლო. ხოლო ის ლიდერები, რომლებიც მის გადაყენებას ცდილობენ, ქართველებთან ყოველგვარ კონტაქტს გამორიცხავენ, რადგან ქართველების სიძულვილი მათი მთავარი პოლიტიკური ბეგრაუნდია. იმ შემთხვევაში, თუ ანქვაბი გადააყენეს, ოკუპირებული აფხაზეთის პირველი პირი ანტიქართველი რაულ ხაჯიმბა გახდება, რომელიც КГБ – ს ყოფილი პოლკოვნიკია და, ანქვაბისგან განსხვავებით, მოსკოვის ნებისმიერი ბრძანების უპირობო შემსრულებელი. ხაჯიმბას სახით რუსეთს კავკასიაში მეორე კადიროვი ეყოლება. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ანქვაბი სეპარატისტული იდეების ერთგული გამტარებელი იყო, იგი მაინც არ გახლდათ ქართველთმოძულე აფხაზი პოლიტიკოსი და კრემლის ნებით მისი შეცვლა ქართველთმოძულე რაულ ხაჯიმბათი არ შედის საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში, მეტიც, ახალი საფრთხის მომასწავებელია ჩვენთვის“, – აცხადებს კირვალიძე.
ჯუმბერ კირვალიძისგან განსხვავებით, კონფლიქტოლოგი ლევან კიკნაძე ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები საქართველოზე გავლენას არ მოახდენს. მისი თქმით, ეს პროცესები არც აფხაზეთიდან ქართველი მოსახლეობის გამოდევნას გამოიწვევს და არც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე მოახდენს ზეგავლენას. კონფლიქტოლოგის პროგნოზით, ანქვაბის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის გამოსვლები მოლაპარაკებით დასრულება და ანქვაბი კვლავ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი იქნება.
„სეპარატისტებს კარგა ხანია გალის მოსახლეობა ნერვებს უშლის. ერთ წელზე მეტია ოპოზიიცის მიერ მიმდინარეობს ქართველი მოსახლეობისთვის პასპორტიზაციის თემის ტირაჟირება. ხოლო ის, რომ ქართველები უარს ამბობენ აფხაზეთის მოქალაქეობაზე, ამის ანქვაბზე გადაბრალებას ცდილობენ.
მოლაპარაკების ერთი პროცესი იყო, როდესაც ანქვაბს მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიაღებინეს. როგორც ჩანს, ეს არ იკმარეს და ახლა ოპოზიციამ ანქვაბის გადადგომა მოითხოვა. არა მგონია, ახლა ის გადადგეს. შეთანხმებას შეიძლება მიაღწიონ. ცვილებები იქნება და პროტესტის ტალღა დროებით შეჩერდება. ეს ტალღა ხელოვნურადაა აგორებული და არა მგონია, დიდხანს გაძლოს. ყოველთვის მუსირებს თემა ქართველებისათვის აფხაზური პასპორტების გაცემის შესახებ, თუმცა მიმდინარე პროცესები საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს. იქიდან ქართველ მოსახლეობას ვერ გამოდევნიან, ხოლო სხვნაირად არავითარი გავლენა არ იქნება, არც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძის მსგავსად, კონფლიქტოლოგი ლევან კიკნაძეც არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები რუსეთის მიერ არის პროვოცირებული, რადგან ფედერაციულ რესპუბლიკას ალექსანდრე ანქვაბი მათი გეგმების კარგ განმახორციელებლად არ მიაჩნია.
„ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი ანქვაბის წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგორებული პროცესებია. ანქვაბი რუსეთს გულზე არ ეხატება არასდროს, მის წინააღმდეგ ყოველთვის იყო პროვოკაციის მცდელობა. აფხაზეთის ოპოზიციას ყოველთვის აქვს მიზეზი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის. ეს არის სოციალური მოთხოვნები და მოსახლეობის უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა. ამას ვერც ანქვაბი და ვერც ვერავინ ვერ გამოასწორებს. მან ვერ მოახერხა რუსეთის კლანური მმართველობის გადალახვა, ვერ დაშალა და ვერ მოიშორა. აქედან მოდის ის უარყოფითი მოვლენები, რაც მის მიმართ არის და იქნება“, – აცხადებს ლევან კიკნაძე.
აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც გამოეხმურა. მისი აზრით, რუსეთის მიერ აფხაზეთის ყირიმის სცენარით მიერთების საფრთხე არსებობს. მისივე თქმით, ვითომდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით პროცესი მიდის საქართველოს ამ კუთხის რუსეთთან საბოლოოდ მიერთების და ანექსირების მიმართულებით. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი აცხადებს, ეს არის ძალიან რეალური საფრთხე, რომლის თავიდან ასაცილებლად ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„მე მესმის, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში პირდაპირი ჩარევის რესურსი არის ძალიან შეზღუდული, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მთავარი რესურსი – დიპლომატიური ზემოქმედება, საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები