კობა გვენეტაძე: 2017 წლამდე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში, 3,000 პროცენტამდეც ადიოდა
„2017 წლამდე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში, 3,000 პროცენტამდეც ადიოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე გამოვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საპროცენტო განაკვეთის 100 პროცენტამდე და შემდეგ კი 50 პროცენტამდე შეზღუდვამ „მტაცებლური სესხები“ შეწყვიტა. „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, ის ევროდირექტივების მოთხოვნაცაა. ჩვენი როლი, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, გადაიდგა აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენამდე სხვა, უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა გადადგეს. მაგალითად, სწრაფი სესხების საერთაშორისო კომპანია „ვივუსი“/„4Finance“ რომელსაც, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა, არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა (მაგალითად, დიდი ბრიტანეთი) და ეტაპობრივად ამცირებს ოპერაციებს, ან საერთოდ გამოდის იმ ბაზრებიდან, სადაც, ბოლო წლებში, ჩვენი რეგულაციების მსგავსი პრინციპები დაინერგა – მაგალითად, შვედეთი, ფინეთი, ლატვია, რუმინეთი. საპროცენტო განაკვეთის 100 პროცენტამდე და შემდეგ კი 50 პროცენტამდე შეზღუდვამ მეტწილად შეწყვიტა ე.წ. „მტაცებლური სესხები“. ასევე, გემახსოვრებათ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბადის მნიშვნელოვანი ნაწილს ასეთი სესხების შეცდომაში შემყვან რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100 პროცენტამდე შეზღუდვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. იყო საუბარი, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ამ კომპანიების ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები მხოლოდ ახლა ინერგება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.