მალე ჩაჟაშის რეაბილიტაცია დაიწყება, მას სექტემბერში იუნესკოს ექსპერტები ეწვევიან

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, იუნესკოში დაცული ზემო სვანეთის სოფელი ჩაჟაშის სრული აღდგენის პროცესი უშგულის მუზეუმისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის გადაწყვეტილებით, ჩაჟაშში ახალი მუზეუმი და ვიზიტორთა ცენტრი შეიქმნება. ადგილზე უკვე შეირჩა უძველესი მაჩუბი, რომლის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დაიწყება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, იკომოს-საქართველომ (არქიტექტორი-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძე) უკვე მოამზადა ჩაჟაშის სრული რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედება არქიტექტურული კომპლექსის აღდგენა რესტავრაცია-კონსერვაციას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს სექტემბერში იუნესკოს ექსპერტები ეწვევიან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებენ რთულ მდგომარეობაში არსებულ ჩაჟაშს. ჩაჟაშის რეაბილიტაცია, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, იკომოსის რეკომენდაციებითა და ჩართულობით წარიმართება. 13 კოშკი, 4 ციხე-სახლი, 21 მაჩუბი, 11 ხალხური საცხოვრებელი და 1 ათეული დამხმარე ნაგებობა კრავს და აერთიანებს შუა საუკუნეების იმ უძველეს არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც უშგულის თემში, მთა შხარას ძირას, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად ითვლება და დაცულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები