კალაძის სარკასტული პასუხი ხაბეიშვილს – „მომავლის თაობის პოლიტიკოსებმა“ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ

თბილისის მერი, კახა კალაძე საკრებულოს ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სიცრუეა ის ფაქტი, რომ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერში ჯანსაღი ხეები იჭრება.
როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა „მომავლის თაობის პოლიტიკოსებმა“ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. „მომავლის თაობის პოლიტიკოსმა“ გააკეთა განცხადება, რომ, კონკრეტულ მისამართზე – სკვერში, თითქოს, ხეები იჭრება იმისთვის, რომ 12-სართულიანი კორპუსი აშენდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი იმ ზონის ფარგლებში ვითარდება, რა ზონაც არის მითითებული და დადგენილი ყოველგვარი კოეფიციენტის მატების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა „მომავლის თაობის პოლიტიკოსებმა“ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ასეთი „მომავლის თაობის პოლიტიკოსებისგან“. ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ. მან მის მოადგილეს, მაია ბითაძეს აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. „ნამდვილად საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ლევან ხაბეიშვილი სკვერში იმყოფებოდა და მიუთითებდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსი უნდა აშენდეს, რაზეც მოცულობა, სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდე არის გაზრდილი და ხეები იჭრება. ვფიქრობ, სირცხვილია მოსახლეობის ასეთი დონით შეცდომაში შეყვანა გამომდინარე იქედან, რომ კადრებში ასახული იყო სანიტარიული ჭრები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ. კადრებში ნაჩვენები იყო ზუსტად ეს ხეები, რომლებიც გუშინ „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ მოიჭრა. ეს ჭრები კვლავ გაგრძელდება და, მიმდინარე წელს, მცენარეების ჩანაცვლება მთლიანად მოხდება“, – აღნიშნა მაია ბითაძემ. მისივე განმარტებით, არსებობს დენდროლოგიური პროექტი, რომლის შედეგსაც პროექტის დასრულების შემდეგ იხილავს საზოგადოება. „ტერიტორია, რომელიც სკვერის მომიჯნავედ მდებარეობს და სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო ტერიტორიაა; უფრო მეტიც, საზოგადოებრივი საქმიანობის ზონაა, სადაც ბევრად უფრო დიდი მოცულობის ობიექტი შეიძლებოდა, აშენებულიყო. პროექტის მიხედვით, არცერთი ხე იჭრება. ძალიან დიდი დენდროლოგიური პროექტია შეთანხმებული, რომლის შედეგებს პროექტის დასრულების შემდეგ ვიხილავთ. ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილად სირცხვილია, მოსახლეობის ამ დონით შეცდომაში შეყვანა“, – განმარტა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები