„ჩვენი მოძრაობა დაცლილია პარტიულობისგან, თუმცა არის პოლიტიკური“ – „სოლიდარობის ქსელის“ პასუხი კალაძეს

“მოძრაობა, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას მოითხოვს, დაცლილია პარტიულობისგან, თუმცა არის პოლიტიკური იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას ამ ქვეყანაში”, – ამის შესახებ „სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენელმა, ნენო ჩარკვიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩარკვიანმა თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას უპასუხა.
„გვინდა, ვუპასუხოთ კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქცია მოაწყო ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელსაც თან ახლდა პოლიტიკურად მართული ადამიანების ჯგუფი. მინდა, თბილისის მერს მივმართო: დიახ, ჩვენ ვართ ახალგაზრდები, თუმცა ეს არ ნიშნავს პირდაპირ ჩვენს არაკომპეტენტურობას. „სოლიდარობის ქსელი“ დამოუკიდებელ პროფკავშირს წარმოადგენს. უკვე რამდენიმე წელია, დასაქმებულებთან ერთად იბრძვის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის. შესაბამისად, ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება დასაქმებულებთან ერთად ბრძოლისა, რადგან ქვეყანაში წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა არაჰუმანური პოლიტიკა, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანი და აინტერესებს მხოლოდ ბიზნესი. ჩვენ დიდი ხანია, ვიბრძვით უკეთესი სოციალური სახელმწიფოსთვის.
აქციაზე იყვნენ მოსულები პარტიული წარმომადგენლობის მქონე პირები, რომლებსაც ჩვენ პირდაპირ განვუცხადეთ, რომ მათთან ერთად არ ვიბრძოლებთ და არ ვიმუშავებთ. ეს მოძრაობა, რომელიც ახლა ნელ-ნელა იქმნება და რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება, აბსოლუტურად დაცლილია პარტიულობისგან, თუმცა არის პოლიტიკური იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, კახა კალაძე „სოლიდარობის ქსელის“ აქციას გუშინ გამოეხმაურა.
„როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – „სოლიდარობის ქსელის“ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, N5-ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლას, ორი დღის წინ, ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„სოლიდარობის ქსელმა“ შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით აქცია გამართა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები