ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2014

30 მაისს, 10 საათზე, კულტურის სამინისტროში გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სამუშაო სესიები, რომლებიც მოიცავს პრეზენტაციებსა და დისკუსიებს საგამომცემლო, ლიტერატურულ და მთარგმნელობით საკითხებზე. ფორუმ-დიალოგს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი გახსნის და მას ქართველი და უცხოელი გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები, კრიტიკოსები და ლიტერატურის აგენტები დაესწრებიან. ფორუმ-დიალოგის ეგიდით, 29-31 მაისს, თბილისს 17-მდე უცხოელი გამომცემელი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და ლიტერატურის აგენტი ეწვევა (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, უნგრეთი, ბულგარეთი).
სამდღიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრების ვიზიტი თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე; შეხვედრა ქართველ მწერლებთან მწერალთა სახლში; სტუმრების ვიზიტი ქართველი კოლეგების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მათი საგამომცემლო მენეჯმენტის სტრუქტურის გაცნობის მიზნით ქართულ გამომცემლობებსა და წიგნის მაღაზიებში.
IV ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე – უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება უცხოელ და ქართველ გამომცემლებს, მთარგმნელებს, ლიტერატურის აგენტებსა და მწერლებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების შემუშავებას, ასევე – ლიტერატურის მეშვეობით კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას ემსახურება.
ფორუმ-დიალოგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში საგამომცემლობო სექტორისა და წიგნის ინდუსტრიის განვითარებისათვის, თარგმანების რაოდენობის ზრდის, ქვეყანაში მთარგმნელობითი პროცესის გამოცოცხლებისა და მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელის, როგორც პროფესიის განვითარებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები