არასრულწლოვნების იძულებითი ქორწინება საქართველოში – საგანგაშო სტატისტიკის შედეგები და გამოსავალი
საქართველოში ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებული სტატისტიკა საგანგაშოა. ქვეყანაში მცხოვრები ქალების დაახლოებით 18% სრულწლოვანი ასაკის შესრულებამდეა დაქორწინებული. ამის შესახებ სასტუმრო Holiday Inn-ში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, სადაც საქართველოში ადრეული ქორწინების საკითხი განიხილეს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მანანა კობახიძის თქმით, საქართველოში არის შემთხვევები, როცა არასულწლოვან გოგონებს ქორწინებას მშობლები აიძულებენ. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კი 7 ათასზე მეტმა გოგონამ განათლების მიღება სწორედ ნაადრევი ქორწინების გამო ვერ დაასრულა. ომბუდსმენის თქმით, ოჯახური ძალადობა და ნაადრევი ქორწინება ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
იურისტი ქეთი ქაჩლიშვილი „კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ არჩევანის თავისუფლება, მათ შორის ქორწინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ხოლო როდესაც ეს უფლება იზღუდება, პირის კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები და უფლებები იღვევა. ამასთან, თუ ამ დარღვევას ოჯახის წევრი ახორციელებს, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის იძულებითი დაოჯახებით, ეს არის ოჯახში ძალადობის ფაქტი. იურისტის თქმით, არასრულწლოვანი გოგონას იძულებით ქორწინების დროს მისი განათლების უფლებაც იზღუდება.
„ბუნებრივია, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომ პირმა პირადად გააკეთოს არჩევანი და მიიღოს გადაწყვეტილება ქორწინებასთან დაკავშირებით. როდესაც მისი ეს უფლება იზღუდება, ეს უკვე არის მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების დარღვევა. როდესაც აღნიშნული დარღვევა ხორციელდება ოჯახის წევრის მიერ, შეიძლება ეს იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალდობა ან იძულება, მაშინ ეს არის ოჯახში ძალადობის ფაქტი. ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოში მოქმედებს სპეციალური კანონი. იძულება არის დასჯადი. უკანონო ქმედების გამოვლენას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებისას თავისთავად იზღუდება ადამიანის განათლების მიღების უფლებაც, თუკი გოგონას გათხოვებას მოსდევს ის, რომ იგი ვეღარ იღებს განათლებას“, – განმარტავს ქეთი ქაჩლიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და ყოველთვის იგივეს ვერ ვიტყვით.
ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე კი პორტალ „კვირასთან“ არასრულწლოვანი გოგონას იძულებით გათხოვებისას მის შესაძლო ფსიქოლოგიურ ტრავმებზე საუბრობს. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, პირველ რიგში, იძულებით დაოჯახება სექსუალური კავშირის იძულებით დამყარებას ნიშნავს. მისივე თქმით, ასეთ დროს წარმოქმნება ძალადობრივი ჯაჭვი, რომელსაც სექსუალური პრობლემების ნეგატიური ზეგავლენა ლაიტმოტივად გასდევს. ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანს კი არ აქვს ინტელექტუალური, ემოციური, სოციალური ბერკეტი, რომ გათავისუფლდეს. გოგიჩაძის განმარტებით, იძულებით სექსუალური კავშირის დამყარება სარისკო ქმედებებს წარმოქმნის, მათ შორის ნარკოტიკის მოხმარებას და თვითმკვლელობას.
„იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემური თემა არსებობს: როდესაც ქორწინება ხდება თანატოლებს შორის, ანდა, ბავშვსა და დიდს შორის. განსხვავებული ვითარება განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს ბავშვს, არასრულწლოვანს. არც ერთი ასეთი თანაცხოვრება არ არის საიმედო ოაჯახის შექმნის წინაპირობა. ამით არასრულწლოვანს იძულებითი სექსუალური კავშირისკენ უბიძგებენ. ოჯახის წევრებმა არ იციან მათი შვილები სექსუალური ცხოვრების დასაწყებად რამდენად მზად არიან. მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, როგორ ეწყობიან ისინი ერთმანეთს სექსუალური ცხოვრების დაწყებისას. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იძულებით ჩააყენეს ამ მდგომარეობაში და გოგონას დაამყარებინეს კონტაქტი მასთან, ვინც მისთვის სასურველი არ იყო. თუმცა დასაშვებია, რომ მეუღლემ შექმნას სწორი პირობები და წყვილი სექსუალრად განვითარდეს. მაგალითად, მეუღლემ ცოლს შეაყვაროს თავი, ან მისცეს დრო სექსუალური ურთიერთობის მომწიფებისთვის. ამ შემთხვევაში თავიდან ავირიდებთ სექსუალური ძალადობის ნეგატიურ ზეგავლენას, ადამიანს ექნება თვითგამორკვევის საშუალება და საკუთარი არჩევანის შეგრძნება. იძულებითი სექსუალური კავშირი სასურველი არ არის, ასე შეიძლება გამოვლინდეს სიამოვნების მიღების სირთულეები და როგორც ქალის, ისე მამაკაცის მხრიდან სიამოვნების მიღების ფორმების ძიება იწყება. ამასთან, თუ სექსუალური კავშირი სასურველი არ არის, მაშინ ნაყოფიც არასასურველია.
იძულებითი ქორწინების დროს სექსუალური დაკმაყოფილების ძიება რისკად იქცევა. ნებისმიერი ქცევა შესაძლოა, სარისკო ქმედებაში გადაიზარდოს. ეს შეიძლება იყოს სახიფათო თამაში, მათ შორის ნარკოტიკის მოხმარება, ან მანქანის სწრაფი ტარება. ასევე არსებობს დეპრესიის, საკუთარი სხეულის მიუღებლობის, დაბალი თვითშეფასების გაჩენის საშიშროება, მათ შორის მოსალოდნელია თვითმკვლელობა. მოსალოდნელია პროცესების საპირისპიროდ განვითარებაც და სექსუალური აღვვირახსნილობის გაჩენის საფრთხეც “, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
ნინო გოგიჩაძე, სექსუალური შეუთავსებლობის გარდა, ყურადღებას სხვა, ყოფით პრობლემებზეც ამახვილებს. მისი განმარტებით, ძალადობის მსხვერპლი ქალის სოციალური დამოუკიდებლობა იზღუდება, ადრეულ ასაკში გათხოვილ გოგონას არ აქვს განათლება და სამოქალაქო ცნობიერების მხარდაჭერა, რის გამოც თავის დაცვა არ შეუძლია. ძალადობა კი მსგავს ოჯახში აღზრდილ თაობას გადაეცემა.
„როდესაც გარიგებით ათხოვებენ შვილს, ის ოჯახის დანგრევის თემაზე ვერ ისაუბრებს, რადგან არ არის ტექნიკური პირობები, რომ ამ ძალადობრივი ჯაჭვისგან გათავისუფლდეს, ხოლო ეს ძალადობრივი ჯაჭვი, ოჯახური ძალადობა თაობას გადაეცემა. მით უმეტეს, თუ დაბადებული ბავშვი არასასურველია, ამ ბავშვის მიმართ მოპყრობაც სიყვარულზე დაფუძნებული არ იქნება. არიან ადამიანები, რომლებიც ამას ლახავენ, რადგან მათ შვილის სიყვარულის განცდა ეხმარებათ, იყვნენ პოზიტიურები. შესაძლოა, შვილებს ხელი შეუწყონ და არ დაუშვა, რომ ისინი, მისსავე მსგავსად, ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ამის მიღწევას საკმარისი განათლება სჭირდება, მაგრამ როდესაც არასწრულწლოვანის ქორწინებაზე ვსაუბრობთ, საქმე განათლების შეფერხებასთან გვაქვს. ამ დროს ადამიანი პროფესიული ხაზით არ ვითარდება, მას არ აქვს სამოქალაქო ცნობიერების მხარდაჭერა იმისთვის, რომ იყო თავდაჯერებული და დაიცვას საკუთარი, ან შვილების უფლებები. ამგვარად, ისინი სიტუაციაზე სოციალურად დამოკიდებულები ხდებიან. მათ აღარ აქვს ინტელექტუალური, ემოციური, სოციალური ბერკეტი, რომ ძალადობის ჯაჭვი გაწყვიტონ. ასეთ ქალის განვითარების არანაირი პირობა არ აქვს, მიაჩნია, რომ როგორც მოექცნენ, სწორია, ვერ ხედავს სხვაგვარ ცხოვრებას, არ აქვს შედარების საშუალება, რომ დაინახოს თავისი გაუკუღმართებული მდგომარეობა. სექსუალური პრობლემების თემა ამ ყველაფრის ლეიტმოტივია“, – განმარტავს ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე.
საქართველოში ადრეული ქორწინების საკითხი 27 მაისს სასტუმრო Holiday Inn-ში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველთან ერთად, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში წარმოდგენილ ფაქტებზე და გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგებზე იმსჯელეს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინებების საწინააღმდეგოდ გამოსავალს კანონმდებლობის გამკაცრებაში ხედავს.
“სამწუხაროდ, შეიძლება აქ გარკვეული რელიგიური, ეთნიკური კულტურული ფაქტორები მოქმედებდეს, იგივე მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი, რაც ოჯახს აიძულებს გოგონა სხვა ოჯახს “გადააბაროს”. შეიძლება ეკონომიკურ სარგებელზეც კი იყოს საუბარი. სამწუხაროდ, ზოგჯერ გოგონებს ნივთივით ექცევიან. ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ეს ხდება საქართველოში.
მნიშვნელოვანია კვლევების ჩატარება, მიზეზების დადგენა და იდენტიფიცირება. თუ საჭიროა, სისხლის სამართლის წესით უნდა ისჯებოდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ შვილებს ასეთი ფორმით მოექცევიან. ეს შეიძლება ცოტა საფრთხის შემცველი გამონათქვამი იყოს, რადგან სერიოზულ შედეგებზე გავდივართ, მაგრამ ძალადობის ფორმაა და ძალიან მძიმეა, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება დედისგან, მამისგან და მას აიძულებენ, იქორწინოს. თუნდაც პრევენციისთვის – ეს რომ არ მოხდეს, სანქციების გამკაცრება და ამ სფეროს სისხლის სამართლის ნორმით რეგულირება ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ამას ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.