თბილისის თეატრების ენციკლოპედიური მეგზური
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, წიგნი „თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“ გამოიცა. ის წარმოადგენს მეორე ნაწილს კვლევისა „თანამედროვე ქართული თეატრი (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა)“, რომელშიც შესულია თბილისში ფუნქციონირებადი 27 თეატრის (მათ შორის, სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო თეატრები) სრული და დეტალური მონაცემები თეატრის ისტორიის, შენობის, რეპერტუარის, ტექნიკური აღჭურვის, დარბაზის, სცენის შესახებ.
კრებულში იბეჭდება ექსკლუზიური საუბრები თბილისში მოღვაწე ყველა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და დირექტორთან. კრებულში ქვეყნდება თბილისელი მაყურებლის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი რეჟისორები და მსახიობები, რომელთა რეიტინგიც სრული სახით იბეჭდება კრებულში „თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“.
ასევე შესულია თავად თეატრების რეიტინგები. წიგნის ავტორები არიან თეატრმცოდნეები: მაკა ვასაძე და ლაშა ჩხარტიშვილი, კულტურის მენეჯერი ელენე ბაბაკიშვილი. კვლევაში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა დარგის 20-მდე ექსპერტი და მეცნიერი. კვლევა აერთიანებს ცენტრის მიერ „თავისუფალი თეატრალური პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული 80-მდე სპექტაკლის თეატრმცოდნეობით და სტატისტიკურ ანალიზს, რომლის საფუძველზე იკვეთება, კრიტიკის აზრით, ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი სპექტაკლები. კვლევას თან ერთვის რეცენზიები სპექტაკლების შესახებ, რომელიც სპეციალურად ამ კრებულისთვის სხვადასხვა თაობის თეატრმოცდნეებმა დაწერეს.
კრებულის გამომცემელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი. უფრო დაწვრილებით კვლევის შედეგები: წიგნში შესულია თეატრების მოკლე ისტორიებს დაარსებიდან დღემდე; ამ თეატრის შენობების ისტორია, არქიტექტურული მახასიათებელი, სცენის პარამეტრები და ტექნიკური შესაძლებლობები, განათების და გახმოვანების სრული ჩამონათვალი, დარბაზის სქემები და დარბაზების მახასიათებლები… წიგნში ასევე შესულია თბილისის 27 თეატრის 2011-2013 წლების საგასტროლო რუკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თეატრების მოკლე ისტორიები დაარსებიდან დღემდე.