ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდმა, თეონა ცირამუას დირიჟორობით, ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები და საგალობლები შეასრულა.
საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა – ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. რომის პანთეონში პირველად შესრულდა ქართული მუსიკა. ეს იყო ქრისტიანობის 1700-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყნის ღირსეული წარდგენა.
დღევანდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი მუსიკა, როგორც უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურის ნაწილი, ხმამაღლა უნდა ჟღერდეს მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საიუბილეო წელი იტალიის დედაქალაქში ყოველ 25 წელიწადში, 1300 წლიდან აღინიშნება.
წელს საქართველო, წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ვატიკანის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებში პირველად მონაწილეობს.
