“ვიტოვებ უფლებას, რომ უკრაინის პრეზიდენტს იმ უგუნურ განკარგულებაზე ხელის მოწერისთვის სათანადო პასუხი მოვსთხოვო”

0

„არანაირი ოფიციალური შეტყობინებამიმიღია, მე ეს გავიგე რადიო “თავისუფლებისგან”. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ვიტოვებ იმედს, რომ ეს იყო აბსოლუტური გაუგებრობა. უნივერსიტეტმა უკვე მოამზადა წერილი და ჩვენ გავაგზავნეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში”, – ასე გამოეხმაურა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მას უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა.
მისივე თქმით, ის აპირებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სათანადო პასუხი მოსთხოვოს. “ვგეგმავთ წერილის გაგზავნას უკრაინაში, საქართველოს საელჩოში და, ასევე, გადავწყვიტე, წერილი გავუგზავნო ყველა იმ უკრაინული უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს უნივერსიტეტთან. 27 უნივერსიტეტია ასეთი. ერთადერთი, რა ვერსიაც მაქვს, არის შემდეგი – 2017 წელს, ხერსონისის მუზეუმიდან, მე მივიღე მოწვევა იმის შესახებ, რომ სევასტოპოლში იმართებოდა სამეცნიერო კონფერენცია ხერსონისის ანტიკური პერიოდის შესახებ. მას შემდეგ, რაც გავარკვიე, რომ კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობდა რუსეთის ანტიკოსთა ასოციაცია, მე ვთქვი უარი მონაწილეობაზე – ჩასვლა კი არა, მოხსენებაც არ გამიგზავნია. მე არ ვიცი, ეს თუ გახდა საფუძველი. სხვა შემთხვევაში არანაირი საფუძველი არსებობს და, რა თქმა უნდა, ვიტოვებ უფლებას, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოვთხოვო სათანადო პასუხი იმ უგუნურებასთან დაკავშირებით, რა განკარგულებასაც მოაწერა ხელი“,- განაცხადა მერაბ ხალვაშმა.
ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტმა, გუშინ, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა. „შავ სიაში“ 800-ზე მეტი პირია შეყვანილი. პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანდართულ სიაში არის საქართველოს ორი მოქალაქე – მერაბ ხალვაში და მირანდა თურმანიძე.

კომენტარები

კომენტარი