სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესყიდვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

      სამინისტრო გაზეთ “ალიაში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ მასშტაბურ ხარჯებზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
“2013 წლის 29 იანვარს გაზეთ „ალიაში“ (N13) გამოქვეყნდა პუბლიკაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2013 წლის შესყიდვების შესახებ, სადაც ფინანსისტი გიორგი ჩახაია აცხადებს, რომ სამინისტრომ მასშტაბური თანხები დახარჯა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, საწვავისა და ტექმომსახურების შეძენაზე, ასევე საუბარია კომპიუტერულ ტექნიკაზე, მათ შორის 740 პერსონალურ კომპიუტერზე. აქვე მითითებულია სამინისტროს სხვა ხარჯებიც. პუბლიკაციაში ასევე მითითებულია, რომ კონკრეტულად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს 2013 წელს ავტომანქანა არ შეუძენია, რადგან ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს მის ბალანსზე ირიცხებოდა 2012 წლის რამდენიმე ძვირად ღირებული მოდელი.
აღნიშნული ავტომანქანები სამინისტროს ცენტრალურ აპარატს 2012 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან უსასყიდლოდ გადაეცა და შეძენილია წინა ხელისუფლების პერიოდში. 2013 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სულ 49 ერთეული ავტომანქანა შეისყიდა. მათ შორის 29 ერთეულზე გამოცხადებული იყო ელექტრონული ტენდერი, ხოლო 20 ერთეული შეძენილ იქნა ე.წ. ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით. ჩანაცვლება გულისხმობს, რომ ახალი ავტომობილების შეძენისას მათ ღირებულებას აკლდება ჩაბარებული ავტომობილების ღირებულება. დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკურობის გათვალისწინებით განხორციელდა საბადრაგო ავტო-სატრანსპორტო პარკის ნაწილობრივი განახლება. ჩანაცვლებით შეძენილ იქნა 10 ერთეული ახალი „ფორდ-ტრანზიტი“ და 10 ერთეული „სუზუკი გრანდ ვიტარა“. მათ შესაძენად დახარჯულ იქნა სულ 678,8 ათასი ლარი, რაც ამ მანქანების საბაზრო ღირებულებაზე 20-25 %-ით ნაკლებია. შეძენილ იქნა ერთადერთი წარმომადგენლობითი კლასის მანქანა „ტოიოტა-კამრი“. რაც შეეხება „ტოიოტა-ჰაილუქსისა“(პიკაპი) და „შკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომანქანებს, აღნიშნული ავტომანქანები გათვალისწინებულია ავტომეურნეობების საჭიროებისათვის, ბადრაგის, სპეცრაზმის მეომრების, გარე დაცვისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ოპერატიული გადაადგილებისათვის. ჩანაცვლებით გასხვისებული ავტომანქანებია (43 ერთეული), ძირითადად, რუსული-საბჭოთა წარმოების მანქანები (ნივა, გაზ-31, გაზ-66, ზილ-130, რენო „მოსკვიჩი“), ასევე შვეიცარიიდან მიღებული გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოშვებული „პიცგაუერები“, რამდენიმე უცხოური მარკის ავტომანქანა („ბე-ემ-ვე“,„ მერსედესი“, „ფორდი“), რომელთა ასაკი 15-დან 25-წლამდე მერყეობდა. ამ ავტომანქანების ექსპლუატაცია გაცილებით ძვირი უჯდებოდა ბიუჯეტს, ვიდრე მათი ჩანაცვლება. 2013 წლის ბოლოსათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთლიან ავტოპარკში რიცხულ ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებაზე წლის განმავლობაში დახარჯულია 374 292 ლარი, საშუალოდ ერთ მანქანაზე 1620 ლარი.
2013 წელს ჩატარებული ნაწილობრივი განახლების შედაგად, პარკის შემადგენლობის 43% 2010 წლის შემდეგ არის გამოშვებული, რაც საიმედოს და ნაკლებ ხარჯიანს გახდის მათ ექსპლუატაციას. ამასთან, ავტოპარკის გეგმაზომიერი განახლება მუდმივი პროცესი უნდა იყოს. 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტოპარკში რიცხული მანქანების მიერ სულ გაიხარჯა 1 442 526 ლარის საწვავი, საშუალოდ 520 ლარი ერთ ავტომანქანაზე: საბადრაგო მანქანებზე დაახლოებით 863 ლარი თვეში, ხოლო ამ მაჩვენებლის გამოკლებით დანარჩენი ავტომანქანების საშუალო თვიური ხარჯი 446 ლარია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 3900 საშტატო ერთეულს ითვლის, სადაც 30%-ზე მეტი დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და სასჯელაღსურლების დაწესებულებათა ადმინისტრაციის მუშაკები არიან. ბუნებრივია, მათი საქმიანობის ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე. 2013 წელს განხორციელდა დეპარტამენტში არსებული მოძველებული მე-3 და ზოგჯერ მე-2 თაობის კომპიუტერების ჩანაცვლება. ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდულ იქნა 144 ათასი ლარის ღირებულების პერსონალური კომპიუტერის 160 კომპლექტი. უნდა ითქვას, რომ ესეც მუდმივი პროცესია და კომპიუტერული ტექნიკის განახლება ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება. სამინისტროს მიერ 740 პერსონალური კომპიუტერის შესყიდვა სიმართლეს არ შეესაბამება, შესყიდული კომპიუტერების რაოდენობა 580 ერთეულით ნაკლებია პუბლიკაციაში დასახელებულზე. რაც შეეხება იურიდული დახმარების სამსახურს, 2013 წელს 2 ახალი ავტომობილი იქნა შესყიდული.
შესყიდვის მიზანი იყო იმ ხარჯების შემცირება, რომლებიც ძველი, ამორტიზებული ავტოსანტრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას უკავშირდება. საუბარია „LADA NIVA 21214“ მოდელის ორ ამორტიზებულ ავტომობილზე, რომლებიც „HYUNDAI ACCENT“-ის მოდელის 2 ავტომობილით ჩანაცვლდა. შესაბამისად, „HYUNDAI ACCENT“-ის მოდელის 2 ავტომობილის ჯამურ ღირებულებას, 52000 ლარს, გამოაკლდა „LADA NIVA 21214“ მოდელის 2 ავტომობილის ჯამური ღირებულება, 8600 ლარი, და ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში სულ გადახდილი იქნა არა 52 000 ლარი, არამედ – 43 400 ლარი. საყურადღებოა, რომ ავტომობილები არ არის განკუთვნილი რომელიმე თანამდებობის პირის მომსახურებისთვის და ემსახურება იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში დასაქმებულ 28 ადვოკატს. ავტომობილების დანიშნულებაა ადვოკატების გადაყვანა სასამართლოში, პროკურატურაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, რათა მათ ჯეროვნად განახორციელონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვა.
მიმდინარე წელს იურიდიული დახმარების სამსახური სრულიად დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა, იმისათვის, რომ უწყება გაძლიერდეს და გაცილებით მაღალ დონეზე შეასრულოს დასახული ამოცანები, საჭიროა მეტი თანხები გამოიყოს კომპიუტერული ტექნიკისა და ავტოპარკისთვის. 2013 წელს ასევე ჩანაცვლების გზით ნაწილებრივ განახლდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ავტოპარკიც. კერძოდ, ძველი, ექსპლუატაციის ხარჯების თვალსაზრისით არარენტაბელური 4 ერთეული ავტომობილი („ვაზ. 21214“; „აუდი ა 8“; „შევროლე ავეო“; „შევროლე ავეო“), რომლის საერთო ღირებულება 35000 ლარია, ჩანაცვლდა „სედანის“ ტიპის 4 ერთეული ახალი „ჰიუნდაი აქცენტით“. ახალი ავტომანქანების ღირებულება 84 000 ლარს შეადგენდა, თუმცა ჩანაცვლების შედეგად მხოლოდ 49 000 ლარი დაიხრჯა, დაზოგილმა თანხამ კი 35 ათასი ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, 2014 წლის თებერვალში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მმართველობის ფარგლებში, იხსნება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. მისი ადგილმდებარეობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, 2013 წლის დეკემბერში ჩატარებული ტენდერის საშუალებით მოხდა 1 ერთეული „ნისან ნავარას“ შესყიდვა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 42 000 ლარი. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ნახევრად სატვირთო ტიპისაა, არაა განკუთვნილი პერსონალური მოხმარებისთვის და გამიზნულია დაწესებულების სამეურნეო დანიშნულებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებული პირების საჭიროებების უზრუნვესაყოფად. ასევე, 2013 წლის ივლისის თვეში პრობაციის ეროვნული სააგენტოს საჭიროებისათვის მოხდა „სედანის“ ტიპის 2 ერთეული ავტოტრანსპორტის ტენდერის საშუალებით შესყიდვა. კერძოდ: „კია პიკანტო“ თანხით – 18200 ლარი და „რენო ლოგანი“ ,თანხით – 19400 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წელს, რეალურად, ფულადი სახით ავტოტრანსპორტის შესყიდვაზე დახარჯა 128 600 ლარი და არა 163 600, როგორც ეს პუბლიკაციაშია მითითებული. 2013 წელს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს ეფექტური მუშაობისა და სააგენტოს საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, შესყიდული იქნა „პანასონიკის“ ფირმის ვიდეოკამერა სრული კომპლექტაციით (შტატივი, განათება, კვების წყარო, მიკროფონი, მეხსიერების ბარათები) აღნიშნული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 15 520 ლარი. ვიდეოკამერა ტენდერის გზითაა შეძენილი და გაცილებით ნაკლები დაჯდა, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა „Toyota camry“ და მიკროავტობუსი „Mersedec-Benz Sprinter“ არაეკონომიურობისა და მაღალი ხარჯის გამო, ჩანაცვლდა ავტომანქანა „Hyundai Sonata“-თი და 2010 წლის „Mersedec-Benz Sprinter“-ით, რათა მოხდეს სასწავლო პროცესის მონაწილეთა თბილისდან რუსთავში ტრანსპორტირება. მოგეხსენებათ სამინისტრო მალე ახალ შენობაში გადავა. ავეჯის სიძველისა და გამოუყენებლობის გამო, საჭირო გახდა ავეჯის ნაწილობრივ გამოცვლა. ავეჯი, რომელიც ამორტიზებული იყო და არ ექვემდებარებოდა შეკეთებას, ნაწილობრივ შეიცვალა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრშიც. პუბლიკაციაში ხაზი გაესვა 8291 ლარის ღირებულების სათათბირო მაგიდის შეძენას. რეალურად, მაგიდა 22 პირზეა გათვლილი და გაცილებით იაფადაა შეძენილი ვიდრე წინა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პერსონალური მაგიდები. სათათბირო მაგიდის ამაზე იაფად ყიდვა კი ძნელი წარმოსადგენია.
რაც შეეხება მთლიანად სამინისტროს მიერ ყავისთვის დახარჯულ თანხას. განვმარტავთ, რომ სამინისტროს შემადგენლობაში ცენტრალური აპარატის გარდა, 4 დამოუკიდებელი ბიუჯეტის მქონე ერთეული შედის. თითეული ერთეულის მიერ ყავაზე დახარჯული თანხა კი თვეში 57 ლარს შეადგენს. სამინისტროს საქმიანობის სრულყოფილად განხორციელება საჭიროებს ხშირ სატრანსპორტო გადაადგილებებს, მაგალითად, ყოველდღიურად ათეულობით ბრალდებულის გადაყვანა ხდება თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხისა და სხვა რაიონულ სასამართლოებში, წლის განმავლობაში 6000-მდე მსჯავრდებულის გაყვანა მოხდა სამოქალაქო საავამდყოფოებში, ასეულობით პრობაციონერის მონახულება უხდებათ პრობაციის ბიუროების თანამშრომლებს, ამას ემატება იურიდიული დახმარების სამსახური, რომლის ადვოკატები მოქალაქეებთან ყოველდღიურად ასობით ვიზიტს ახორციელებენ. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დაწესებულებების კონტროლის განხორციელების, მსჯავრდებულთა მომართვებზე ადეკვატური რეაგირებისა და საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლების მიერ ყოველდღიურად არაერთი ვიზიტი ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში მდებარე დაწესებულებაში, რაც თავისთავად იწვევს როგორ საწვავის მაღალ ხარჯს, ისე ავტომანქანის ცვეთას, რაც ტექმომსახურებას საჭიროებს, შესაბამისად საუბარი მასშტაბურ ხარჯებზე სრულიად უადგილოა, ციფრების უკან კი არა ასახული ის შედეგები, რასაც სამინისტრო ყოველდღიური მუშაობით იღებს. იმისათვის, რომ სამინისტროს ამოცანები და მიზნები ეფექტიანად შესრულდეს, მოხდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სტრუქტურების ჩამოყალიბება, საჭიროა გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდეს კომპიუტერიზაცია და მოხდეს მოძველებული, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის ავტომანქანების სრულად ჩანაცვლება. ამისათვის სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაიღოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები