ირლანდიის უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაში ქართულ ცეკვას შეიტანენ
ირლანდიაში ფესტივალი intercultural dance festival ქართველი ქორეოგრაფ ლაშა საბაშვილის ინიციატივით და ინტერკულტურული ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა. მასში 10 სხვადასხვა ეროვნების, ირლანდიაში მცხოვრები ტრადიციული ცეკვის ანსამბლი მონაწილეობდა. მათ შორის ქართული ცეკვის ანსამბლი,NRG (National Rhythm of Georgia) იყო.
“კვირა“ დაუკავშირდა ფესტივალის ორგანიზატორს ლაშა საბაშვილს და კომენტარი სთხოვა მას: – ფესტივალმა საკმაოდ კარგად ჩაიარა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ირლანდიაში ცნობილი ქორეოგრაფებისგან გამოითქვა სურვილი, რომ ადგილობრივ ქორეოგრაფიულ უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგად მიმიწვიონ და უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაში ქართული ცეკვა შეიტანონ.
ქორეოგრაფმა ლაშა საბაშვილმა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა და ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,როკვაში“ ცეკვავდა. ამჟამად უკვე წლებია ირლანდიაში მოღვაწეობს და ქართულ ცეკვას ასწავლის ემიგრანტ ქართველებსა და ქართული ცეკვით დაინტერესებულ ირლანდიელებს.