სამხედრო პირებს, ქრთამის აღების ფაქტზე, თავისუფლების 6-6 წლით აღკვეთა მიესაჯათ

ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარებისთვის, ბრალდებულებს თავისუფლების 6-6 წლით აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქრთამის აღებაში ბრალდებული, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, გ.გ, დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, ქრთამის აღებაში დახმარებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი ააიპ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელი, მ.გ.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა – გ.გ.-მ და მ.გ.-მ შეიტყვეს, რომ მოქალაქე ლ.ს.-ს, რომელიც ქ.თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართიდან სამხედრო პოლიციამ 2016 წელს გამოასახლა, აღნიშნული ფართის დაკავებით ისევ იყო დაინტერესებული.
2018 წლის ივნისში გ.გ და მ.გ. რამდენჯერმე შეხვდნენ ლ.ს.-ს და დაჰპირდნენ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ იგი, ქრთამის სახით , 4000 ლარს გადაიხდიდა, მას შესაძლებლობას მისცემდნენ, ყოველგვარი დოკუმენტაციისა და იურიდიული საფუძვლის გარეშე, უნებართვოდ შესულიყო სამხედრო ქალაქის დასახლებაში არსებულ ფართში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლ.ს.-ს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებისგან პრობლემები შეექმნებოდა, გ.გ. თავის სამსახურებრივ ავტორიტეტს გამოიყენებდა და სამსახურებრივ მფარველობას გაახორციელებდა, რათა სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ არ მომხდარიყო მისი და მისი ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლება.
2018 წლის 27 ივნისს, მ.გ თბილისში სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ლ.ს.-ს, რა დროსაც გ.გ-სთვის ქრთამის სახით გადასაცემად მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 2000 ლარი გამოართვა. 2018 წლის 29 ივნისს კი, მ.გ. და გ.გ. ლ.ს.-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის ტერიტორიაზე შეხვდნენ, მ.გ-მ ქრთამის სახით დარჩენილი 2000 ლარი გამოართვა, რის შემდგომაც მთლიანი თანხა – 4000 ლარი გ.გ. -ს გადასცა.
სამართალდამცველებმა გ.გ. და მ.გ დანაშაულის ჩადენის მომენტში, ქრთამის აღების შემდეგ დააკავეს. გ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება), ხოლო მ.გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღებაში დახმარება) წარედგინა და ორივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და მ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6-6 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები