ფინანსთა მინისტრის მოადგილე: სინდიკაციის მეთოდით სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება, მიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით

სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსებამიზნად ისახავს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე, გაზრდილი მოცულობის შეთავაზება, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესისდასაკმაყოფილებად, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საშინაო ფასიანი ქაღალდების ამ გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან – მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4.5-ჯერ აღემატება.

მისი თქმით, სინდიკაციის პროცესში, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ფასი ორჯერ  შემცირებულიყო და პრაქტიკულად, იმ პერიოდში არსებული იგივე ვადიანობის საბაზრო ფასთან გათანაბრებულიყო.

„საბოლოოდ, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების 65% არარეზიდენტი, ხოლო 35% ადგილობრივი ინვესტორებისთვის განთავსდა. გეოგრაფიული კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ არარეზიდენტი ინვესტორების დიდ ნაწილს შეადგენენ ინვესტორები გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კონტინენტური ევროპიდან”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე გამოშვება განხორციელდა 2026 წლის ბიუჯეტით საშინაო ვალისთვის განსაზღვრული მთლიანი ზღვრული მოცულობის ფარგლებში და შესაბამისად, აღნიშნული განთავსებით არ მომხდარა ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსის მოძიება ან დამატებითი ვალის მთლიანი მოცულობის ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები