მუსიკალური თეატრის მსახიობი, ვისთვისაც ხატვა და სიმღერა ჰობიც არის და პროფესიაც

თელავში, მხატვრების ოჯახში დაიბადა, თავადაც ბავშვობიდან ხატავს. თუმცა, პროფესიით მუსიკალური თეატრის მსახიობია, მრავალფეროვანია მისი ნამუშევრები – გრაფიკა,  ფერწერა, ძერწვა, თექაზე შესრულებული კომპოზიციები ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს.
გამორჩეულია „დამშვიდობება“, „ესმერალდა“, „ხარება და გოგია“… „ვაჟა-ფშაველა“ ახმეტელის თეატრში დადგმული სპექტაკლის „სტუმარ-მასპინძლის” შთაგონებით დაიხატა. თავადაც მონაწილეობს წარმოდგენაში.
მისი ნაძერწების უმეტესობა ქართულ თემატიკაზეა შექმნილი და, ძირითადად, კერამიკული ჭურჭლისთვისაა გამიზნული, რომელსაც შეკვეთით ასრულებს და რომელთა უმრავლესობაც უცხოეთშიც იგზავნება.
ხელოვანების ოჯახის წარმომადგენელია, ოჯახურ ანსამბლთან ერთად წარმატებით ასრულებს ქართულ სიმღერებს.
ამბობს, რომ ხატვა და სიმღერა ჰობიც არის და პროფესიაც. მსახიობისა და მხატვრის ეკატერინე გაგნიძის პერსონა.

– დავიბადე  თელავში, მხატვრების ოჯახში. დედა მხატვარი მოდელიორი, მამა მხატვარი-არქიტექტორი იყო. ორივემ სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ბავშვობა წარსულის ძვირფას მოგონებებთან მაკავშირებს. მახსოვს, არ იყო შუქი, ჩაბნელებული სახლებიდან აქა-იქ ბჟუტავდა მიმქრალი, ყვითელი ნათება. ბნელი ღამეების სიმყუდროვეს ხშირად არღვევდა მეზობლის გენერატორის ღრიალი.

„დამშვიდობება“

ჩვენც ლამფა გვენთო, დედა „დონ კიხოტს“ გვიკითხავდა. დედის უკან, კედელზე, დიდი ჩრდილის მიღმა, ცხადად ვხედავდი ქარის წისქვილებთან მეომარ მამაც ლამანჩელს. წარმოსახვითი კინო-თეატრის შემდეგ მამა – თემურ გაგნიძე ხალხური სიმღერის რეპეტიციას იწყებდა. მე და ჩემს დებს თითოეულ ხმას გვასწავლიდა, შემდეგ ერთად შეკრული სამხმიანობით ივსებოდა ოთახი. ისმოდა: „ნამგლური“, „გარეკახური“, „წინწყარო“, „ურმული“… სულ აღარ ვფიქრობდით, რომ გარშემო ბნელოდა, იყო სიცივე და გაჭირვებული ცხოვრება, მეზობლის გენერატორის ხმაც სადღაც ქრებოდა…
–  პირველი ნახატები…
–  ვხატავ ბავშვობიდან. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა შუათანა დამ, რომელიც ძალიან კარგად ხატავდა. ინტერესით ვაკვირდებოდი ხატვის პროცესს, შემდეგ მეც ვცდილობდი, მეც მასავით დამეხატა. ვხატავდით პერსონაჟებს, რომლებიც ჩვენი თამაშების გმირები იყვნენ, ვახმოვანებდით თითოეულს თავისი დამახასიათებელი ხმის ტემბრით. ერთი და იმავე პერსონაჟის მთელი სერიები მქონდა შექმნილი. ადრეული ნახატებიდან მახსენდება „ქათმების ბარი“.
– მრავალფეროვან ნახატებს ქმნით – გრაფიკულს, ფერწერულს, ბიუსტებს, თექაზე…  რომელს გამოარჩევდით?
გამორჩეულად მიყვარს გრაფიკული ნამუშევრების ხატვა. ფერწერას, ძერწვას და თექაზე მუშაობას განსაკუთრებული მშვიდი გარემო და სიმყუდროვე სჭირდება. თითოეულ ნახატს აქვს თავისი შექმნის ისტორია. „დამშვიდობება“ –  ესაა თექაზე შესრულებული კომპოზიცია, რომლის შექმნის იდეაც დაიბადა მაშინ, როდესაც ჩემი დედამთილი მატყლს წეწავდა, სწორედ იქ აღმოვაჩინე ფაფახის მსგავსი თექის ფთილები და ჩემს გონებაში წარმოისახა გმირი ხევსურის პორტრეტი, რომელიც შემდგომ რეალობაში განვახორციელე.
– ვეფხი და მოყმე…  ამ ნამუშევრის ინსპირაცია რა იყო?
ჩემი ნაძერწები ძირითადად შექმნილია კერამიკული ჭურჭლისთვის, რომელსაც შეკვეთით ვასრულებ. ნამუშევრების უმეტესობა ქართული თემატიკიდანაა შესრულებული. ერთ-ერთია „ვეფხი და მოყმე”, რომელიც გრძელყელიანი დოქის შესამკობად მოვიფიქრე, იგივე დოქისთვის გამოვძერწე ქალი, რომელსაც ესთეტიკურ დანიშნულებასთან ერთად ხელის მოსაკიდის ფუნქციაც აქვს.
–   გამორჩეულია „ვაჟა-ფშაველა“…
– ნახატში გავაცოცხლე ახმეტელის თეატრში დადგმული სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი”, რომლის თანამონაწილეც თავად გახლავართ. ყველა პერსონაჟი რეალურია. ჯოყოლასა და ზვიადაურს შორის ვაჟა-ფშაველა დავხატე, როგორც ავტორი ამბისა და სიმბოლო ძმობისა და ვაჟკაცობისა.
–  როგორ შეიქმნა თექაზე ნამუშევარი „ესმერალდა?“
მიყვარს პორტრეტების ხატვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზეპირად ვქმნი…  „ესმერალდა” უცებ დაიხატა… მუზა მოვიდა და…
– ხელოვნება?
– ხელოვნება ჩემი სულის საზრდოა, უამისოდ წარმოუდგენელია ცხოვრება.
– ჰობი?
– ხატვა და სიმღერა, ჩემი ჰობიც და პროფესიაც.
– რაზე მუშაობთ?
– მალე დავასრულებ ქალის ბიუსტის ძერწვას და შევუდგები ახალი კომპოზიციების ხატვას.
– სულეიმან სულეიმანიც გამოძერწეთ…
– ესეც ერთ-ერთი შეკვეთა იყო კერამიკული ჭურჭლის შესამკობად, რომელიც, სავარუდოდ, თურქეთში უნდა წასულიყო. ბარელიეფზე გამოსახული სულთან სულეიმანი ტიპაჟია, მსახიობ ჰალიტ ერგენჩის სახეა ფილმიდან „დიდებული საუკუნე”.
– თვითნასწავლი მხატვარი ხართ, მაგრამ პროფესიით მუსიკალური თეატრის მსახიობი… სპექტაკლ „სტუმარ-მასპინძელში“ მღერით…
– სპექტაკლი ცალკე სამყაროა, ამ დროს ვაჟას პოემაში გადავდივარ საცხოვრებლად, ვწყდები ყოველგვარ რეალურს და ამბის თანამონაწილე ვხდები. დიდი ბედნიერებაა ნიჭიერი მსახიობების გვერდში დგომა. წარმოდგენას მუსიკალურ თანხლებას ვუწევთ ოთხი წევრისგან შემდგარი ქორო.
– ხელოვანების ოჯახი გაქვთ…
– მეუღლე – კახა თაფლიაშვილი თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანი. კურსელები ვიყავით, ოჯახი სტუდენტობის პერიოდში შევქმენით. გვყავს ორი შვილი – გიორგი და თორნიკე თაფლიაშვილები. ორივე მღერის და ხატავს. არიან ანსამბლ „ჩოხოსნების“ წევრები.
გვაქვს ოჯახური ანსამბლიც, შვილებს ვასწავლი მამისგან ნასწავლ ხალხურ სიმღერებს. როდესაც ვმღერით, თითქოს წარსულში ვბრუნდები, შორიდან ვუყურებ ლამფის შუქით განათებულ ოთახს, ვხედავ მამას, დედას და დებს. მესმის სიმღერა, ჩვენც ვმღერდებით, გული ბედნიერებით მევსება, საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ვგრძნობ, როგორც ცოცხლდება ჩემში მამა.
– სამომავლო გეგმები…
– დიდი სურვილი მაქვს მოვაწყო პატარა სახელოსნო, სადაც მშვიდად ვიმუშავებ.
ბავშვობის შემდეგ გამოფენა არ მქონია. სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, მეგობრების თანადგომით პერსონალური გამოფენა გაიმართოს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

https://www.youtube.com/watch?v=WX_5Q3CXtvs&feature=youtu.be&fbclid=IwAR0ZyznVJf7EGDkWPKciNoLTBOVYBpxvzWCEADyMRwACSo2Eqeayl65OORc

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები