რას იწვევს ადამიანის ორგანიზმში პლასტიკი – ნინო ჩხობაძე პლასტმასის შეფუთვების მავნებლობაზე საუბრობს
რა მავნე გავლენას ახდენს პლასტიკი ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა პრობლემას ქმნის, ზოგადად, გარემოში, ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ “კვირა” ორგანიზაცია “მწვანეები დედამიწის მეგობრები” ხელმძღვანელს ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.
როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით პრობლემაა ცელოფნის პარკები, შეფუთვები და პლასტიკის ჭურჭელი.
“დაბინძურების კუთხით ბუნებაში პლასტიკს 2/3 ადგილი უკავია. წონით არ არის დიდი, მაგრამ აქვს მოცულობა, რადგან ძალიან დიდი ნარჩენი რჩება. არსებობს ისეთი პლასტიკის ბოთლები, რომელიც გადამუშავებასაც კი არ ექვემდებარება, რადგან არის თხელი. ასევე, არის უფრო მაგარი პლასტიკის ბოთლები, რომელიც გადამუშავდება, თუმცა ძნელად. მარტივია პლასტიკის ბოთლის სახურავების გადამუშავება.
განსაკუთრებით პრობლემაა ცელოფნის პარკები და შეფუთვები – აგრეთვე, პლასტიკის ჭურჭელიც. პრობლემა არის ის რომ ეს ნარჩენები იწვევენ ისეთ დაბინძურებას რაოდენობრივად, რომლის მოვლა არის რთული, ამიტომ დაიწყო ახალი კამპანია მთელს მსოფლიოში “ზერო პლასტიკთან” დაკავშირებით, რათა გამოყენებული იქნას რაც შეიძლება ნაკლები პლასტიკი. ევროპის ბევრი ქვეყანა გადავიდა იმაზე რომ შესაფუთ მასალებში აღარ ხმარობენ პლასტიკს, რადგან პლასტიკით დაბინძურების შედეგები განსაკუთრებით კარგად ჩანს მდინარეებში და ზღვაში. ოკეანეებში პრაქტიკულად ნარჩენების კუნძულებია შექმნილი.
ვიზუალური შესახედის გარდა, პრობლემა არის ისიც, რომ პირველ რიგში, ცხოველები იღუპებიან.

პლასტიკის გარდა, ასევე, საუბარია ნანოპლასტიკზე, რომელიც ჯდება ადამიანის და ცხოველის უჯრედში. მარტივად რომ ვთქვა, საძოვარზე დაფანტული ცელოფნის პარკებს თუ საქონელი შეჭამს იღუპება, რადგან ვერ ამუშავებს ნარჩენს,”- აღნიშნა ჩხობაძემ.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში “ხერხს მიაგნეს” და ცელოფნის პარკებს წვავენ ბუხარში, რაც, ჩხობაძის განმარტებით, ყოვლად დაუშვებელია.
“საქართველოში პლასტიკის გადამუშავება თითქმის არ ხდება. ეს არის ძალიან ცოტა შემთხვევა. ის რაოდენობა, რაც რეალურად არის მოხმარებაში იმისი გადამუშავება არ ხდება, შეგროვებაც კი არ ხდება ბოლომდე. დაახლოებით, ნარჩენის სულ 80% გროვდება. დასავლეთ საქართველოში ხერხს მიაგნეს და ცელოფნის პარკებს წვავენ ბუხარში, რაც ყოვლად დაუშვებელია, იმიტომ რომ აირები რომლებიც გამოიყოფა ქიმიური ნივთიერების წვის შედეგად, არის საკმაოდ მაღალი და ეს არ არის გამოსავალი. ერთადერთი გზა არის შევამციროთ ან გავაქროთ პლასტიკის გამოყენება.
საერთაშორისო რეგულაციები არის ე.წ. მწვანე ცირკულარული ეკონომიკა, სადაც კეთდება მწვანე შესყიდვები, რეგულაციები არის შემოღებული, რომ მაქსიმალურად ნაკლები ნარჩენი დარჩეს, ანუ ყველაფერი იყოს მოხმარებაში. გაერომ დაიწყო ახალი კამპანია ნარჩენის მინიმუმამდე შემცირების. ეს ნიშნავს, რომ გადამმუშავებელი საწარმოები უნდა გაკეთდეს. არის ნაკეთობა, რომელიც გადამუშავებას არ ექვემდებარება, ასეთია ხელოვნური ნაძვის ხე. ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს, არ გამოიყენოს პლასტიკი თავისი პროდუქციის შესაფუთად ძირითადად იყენებენ ნაჭერს, ქაღალდს და ალუმინის ქილებს.
ვფიქრობ, რომ პირდაპირ პლასტიკის აკრძალვა არ გამოვა და უმჯობესია, ეტაპობრივი გადასვლა, რომ ნელ-ნელა ჩაჯდეს ადამიანის ცნობიერებაში პლასტიკის მავნებლობა,”- განაცხადა მან.
ჩხობაძე ასევე განმარტავს, რომ პლასტიკში მოთავსებული სითხე ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის.

“პლასტიკი ადამიანებში იწვევს ალერგიულ რეაქციებს რესპირატორულ დაავადებებს, ასევე შინაგანი ორგანოების მოშლას. დამტკიცებულია, რომ პლასტიკში მოთავსებული სითხე ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის,”- აღნიშნა “კვირასთან” საუბრისას ნინო ჩხობაძემ.